გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული კაცი გარდაიცვალა

თბილისში, გურამიშვლის გამზირზე, კორპუსის აფეთქების შედეგად დამწვარი 39 წლის კაცი 3 ნოემბერს გარდაიცვალა. მას 19 ოქტომბრის შემდეგ დამწვრობის ცენტრში მკურნალობდნენ. „ნეტგაზეთს“ კლინიკაში დაუდასტურეს მისი გარდაცვალება.

19 ოქტომბერს, დილას, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც კორპუსის მეოთხე სართულზე ნგრევა მოჰყვა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. კორპუსიდან მოსახლეობა სრულად გაიყვანეს. დაშავრდა ოთხი ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მნიშვნელოვანი ზიანი.

თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის თანახმად, გურამიშვილის  N34-ში მდებარე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრება გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებამდე რეკომენდირებული არ არის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com