ახალი ამბები

გურამიშვილზე აფეთქებულ კორპუსში გამაგრებამდე ცხოვრება რეკომენდირებული არაა – მერია

29 ოქტომბერი, 2019 • 946
გურამიშვილზე აფეთქებულ კორპუსში გამაგრებამდე ცხოვრება რეკომენდირებული არაა – მერია

თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის მიხედვით, გურამიშვილის  N34-ში მდებარე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრება გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებამდე რეკომენდირებული არ არის.

ამ კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს მოხდა, რაც გაზის გაჟონვის შედეგად იყო გამოწვეული. მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორის, ლაშა ხაზარაძის თქმით, კორპუსში დაზიანებულია მე-3, მე-4 და მე-5 სართულები, გადახურვის ფილები, თვითმზიდი პანელები და ტიხრები, ასევე, ლიფტი და კიბის უჯრედებში გარკვეული სეგმენტები.

“დაზიანება ამ ლოკაციაზე არის საკმაოდ რთული და შეესაბამება მე-4 ხარისხს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მერიის ინფრასტრუქტურის განვითრების სამსახურის დაკვეთით კორპუსში უახლოეს დღეებში შევა კომპანია, რომელიც ჩაატარებს წინასაპროექტო სამუშაოებს, მომზადდება პროექტი და ამის შემდეგ დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. სანამ კორპუსში შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები არ ჩატარდება, იქ ცხოვრება რეკომენდებული არ არის“, – განაცხადა ლაშა სამხარაძემ.

რაც შეეხება გამგეობას, ნეტგაზეთს უწყების პრესსამსახურში უთხრეს, რომ მუნიციპალური ლაბორატორიის ეს განცხადება მხოლოდ სარეკომენდაციო სახისაა. სამომავლო გადაწყვეტილებებს კი მერია სამხარაულისა და ლაბორატორიის საბოლოო დასკვნების შემდეგ მიიღებს. მათივე თქმით, საბოლოო დასკვნამდე მცხოვრებლები საცხოვრებელი ფართით (სასტუმრო) უზრუნველყოფილნი არიან.

19 ოქტომბერს, დილას, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც კორპუსის მეოთხე სართულზე ნგრევა მოჰყვა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მნიშვნელოვანი ზიანი.

შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, ერთის მდგომარეობა მძიმე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი