ახალი ამბები

თბილისის მერის მოადგილე: ვამოწმებთ შენობას, აფეთქებამ იქონია თუ არა გავლენა მდგრადობაზე

19 ოქტომბერი, 2019 •
თბილისის მერის მოადგილე: ვამოწმებთ შენობას, აფეთქებამ იქონია თუ არა გავლენა მდგრადობაზე

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსში აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, სურვილის შემთხვევაში, სასტუმროში გადაიყვანენ.

„კორპუსში მცხოვრები 77 ოჯახი ევაკუირებულია, დაჯავშნილია სასტუმროები და გამგეობა მზად არის, გადაიყვანოს ყველა მსურველი სასტუმროში, სამმა ოჯახმა უკვე გამოთქვა ამის სურვილი.

რაც შეეხება შენობას, ჩვენი ლაბორატორიის მიერ მიმდინარეობს შემოწმება შენობის მდგრადობაზე, ამ პროცესში ჩაერთვება ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე ჩვენ უკვე ვაცნობებთ მოსახლეობას, იქონია თუ არა გავლენა აფეთქებამ შენობის კონსტრუქციულ მდგრადობაზე და შესაბამისად ვიმოქმედებთ. სამომავლოდ ყველასთვის იქნება დახმარება აღმოჩენილი და ზიანი ანაზღაურებული“ – განაცხადა ილია ელოშვილმა.

აფეთქება გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსის მეოთხე სართულზე მოხდა დღეს, 19 ოქტომბერს. დაახლოებით დილის 9 საათზე მოხდა.

პირველადი ინფორმაციით, 19 ოქტომბერს, დილას, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც კორპუსის მეოთხე სართულზე ნგრევა მოჰყვა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მნიშვნელოვანი ზიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი