შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეს მეგობრის შეურაცხყოფას ედავება.
საქმე უკვე სასამართლოშია. მოსამართლე ნინო ენუქიძემ უნდა განიხილოს, მიაყენა თუ არა ფეისბუკზე შეურაცხყოფა გიორგი მელითაურმა მის მეგობარს, ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს.
შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს როგორც მელითაური, ისე ზაზაძე. თუმცა, თუ მოსამართლე ენუქიძე შსს-ს ოქმს კანონიერად ცნობს, შესაძლოა, მელითაური დააჯარიმონ 500-დან 3 000 ლარამდე, ან დააპატიმრონ 20 დღემდე ვადით.
გიორგი მელითაურის წინააღმდეგ სავარაუდო სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლების მაკონტროლებელმა სამმართველომ, რომელიც უკვე 3 კვირაა, რაც შსს-ს ბაზაზე ფუნქციონირებს. მას ოფიციალურად სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ჰქვია, თუმცა საზოგადოებაში “სქროლვა-სქრინვის” სააგენტოს სახელითაა ცნობილი. ეს იმიტომ, რომ როგორც თავად სამმართველოს ხელმძღვანელმა, თამთა ქიმბარიშვიმა განმარტა, “სამმართველოს ფუნქციაა სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული, შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა”. მარტივად რომ ვთქვათ, სოციალური ქსელების სქროლვა [დათვალიერება], კომენტარებისა და პოსტების დასქრინვა [ეკრანზე არსებული გამოსახულების ფოტოდ ქცევა] და ამის საფუძველზე სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. ამ სამუშაოს შესრულებისთვის სამმართველოში 10 ადამიანი დაასაქმეს.
რის საფუძველზე შეუდგინეს ოქმი გიორგი მელითაურს?
დაახლოებით 2 კვირის წინ, 6 ივნისს, ტრადიციული შაბათის მარშის დაწყებამდე, ფილარმონიასთან თავს დაესხნენ ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს და აქტივისტ თამარ გიორგაძეს. ამ ამბის შესახებ “მთავარმა”, ისევე როგორც სხვა მედიებმა, ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მელითაურს ედავება, რომ სწორედ “მთავარის” პოსტის ქვეშ დაწერა კომენტარი, რომლითაც შეურაცხყოფა მიაყენა ლევან ზაზაძეს. ოქმს თან ერთვის სოციალური ქსელებში გამოხატვის თავისუფლების მაკონტროლებელი სამმართველოს დასქრინული ფოტო.

მეგობრობის კონტექსტიდან გამომდინარე ნათელია, რომ სქრინშოტში მოცემული შეურაცხმყოფელი კომენტარი არა ზაზაძეს, ან რომელიმე სხვა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ აბსტრაქტულად, იმ პროვოკატორებს ეხებათ, რომლებიც მშვიდობიანი აქციის მონაწილეებთან დაპირისპირებას და მათ პროვოცირებას ცდილობენ ხოლმე. თუმცა შსს-მ ჩათვალა, რომ კომენტარის ავტორი იმას აგინებს, ვისაც თავს დაესხნენ. ამასთანავე, დადასტურებული არ არის, ეს კომენტარი ნამდვილად გიორგი მელითაურმა დაწერა თუ არა.
სასამართლო სხდომა დღეს, 22 ივნისის 14:00 საათზე იყო ჩანიშნული. თუმცა სხდომაზე არ გამოცხადდა ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენელი. ამიტომ, განხილვა 30 ივნისის 15:00 საათამდე გადაიდო.
“მედავებიან, რომ თითქოს ლევანს რაღაც შეურაცხყოფა მივაყენე. არადა, ლევანი მეგობარია ჩემი […] წელიწადზე მეტია ერთად ვდგავართ [აქციაზე]”, – ამბობს გიორგი მელითაურმა.
ნეტგაზეთი დავუკავშირდით მელითაურის მეგობარს, ლევან ზაზაძესაც. თუ მოსამართლე ენუქიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მას დაკითხავენ როგორც მოწმეს. თუმცა იქამდე ჩვენ ვკითხეთ, რას ფიქრობს მეგობრისთვის შედგენილი ოქმზე, რომელსაც მის შეურაცხყოფას ედავებიან.
“ამ სამმართველომ, რომელსაც ჩვენ სქროლვა-სქრინის სამმართველოს ვეძახით, ქიმბარიშვილის მეთაურობით, გადაწყვიტა, რომ ჩემი ნაცნობი და მეგობარი სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებს მე. ძალიან დიდი აბსურდია, ჯერ ზოგადად ადამიანებს სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარების გამო რომ ასამართლებენ, ჯარიმებს აკისრებენ და არ არის გამორიცხული, საერთოდ პატიმრობაში გაუშვან. მაგრამ მეორე საკითხი და ყველაზე აბსურდული ის არის, რომ ჩემს ნაცნობს საქმე აღუძრეს ჩემი შეურაცხყოფის საფუძვლით. ანუ, ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ ჩემი ღირსება დაიცვან ჩემი ნაცნობ-მეგობრისგან და გადასცეს საქმე სასამართლოს. ეს არის აბსურდი”, – ამბობს ლევან ზაზაძე.
ჩვენ დავინტერესდით, რა პოზიცია ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ვინმე დადასტურებულად მიაყენებდა შეურაცხყოფას სოციალურ ქსელში. ზაზაძე ამბობს, რომ სოციალურ ქსელში კომენტარის დაწერის გამო არც საკუთარი ინიციატივით დაიწყებდა სამართლებრივ დავას და კიდევ უფრო მიუღებელია, თუ ამას სხვა, ამ შემთხვევაში “სქრონვა-სქრინვის სამმართველოს” თანამშრომლები გააკეთებენ.
“ჩემი ინიციატივის გარეშე, ვინმეს მიმართ რომ დაიწყოს საქმის წარმოება, მიიყვანონ სასამართლოში და გაასამართლონ, ეს მე სრულიად აბსურდი მგონია. ვიღაც ადამიანები სხედან, სოციალურ ქსელში ეძებენ კომენტარებს, რომ ჩემ ნაცვლად სასამართლოს მიმართონ, ვითომ ვიღაცამ ჩემი ღირსება შეურაცხყო, უნდა დაიწყონ საქმის წარმოება და ადამიანი დასაჯონ. ეს ჩემთვის მიუღებელია, მეტიც, გიორგი მელითაური რომ არ ყოფილიყო და მართლა დაეწერა ვიღაცას კომენტარი ჩემზე, მე მაინც არ შევიტანდი განცხადებას სასამართლოში და არ დავიწყებდი დავას. ეს არის ჩემი პოზიცია.
ყველაზე ცინიკური ამ საქმეში ის არის, რომ რაზეც იყო პოსტი, რაც მოხდა, არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამაზე არც მე და არც თამარ გიორგაძე ჯერ დაკითხულებიც არა ვართ. იმ ინციდენტის მერე შინაგან საქმეთა სამინისტროდან არავინ დაგვკავშირებია – უკვე ორი კვირაზე მეტი გავიდა. სამაგიეროდ, გიორგი მელითაურს მალევე შეატყობინეს, ოქმია თქვენს სახელზე შედგენილი კომენტარის გამოო და დაიწყეს ადმინისტრაციული წარმოება
ანუ, სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ბევრად მძიმე დანაშაულია, თაროზე არის შემოდებული, არ ვიცით, რა ხდება, ის პიროვნება [თავდამსხმელი] სავარაუდოდ, თავისუფლად გადაადგილდება, მაგრამ ასეთი აბსტრაქტული საფუძვლით ასამართლებენ გიორგი მელითაურს. ეს არის ძალიან დიდი აბსურდი”, – განაცხადა ლევან ზაზაძემ.
18 მაისს მამუკა მდინარაძემ საჯარო კომუნიკაციის “სისტემური მონიტორინგის” სამმართველოს შექმნა დააანონსა. ორი კვირაში ფუნქციონირება დაიწყო სამმართველომ, რომლის ხელმძღვანელადაც თამთა ქიმბარიშვილი დანიშნეს. შსს-ს სტატისტიკით, მუშაობის დაწყებიდან ორ კვირაში სამმართველომ სასამართლოს 60-მდე საქმე წარუდგინა. 15 ივნისის მდგომარეობით, 60-მდე საქმიდან სასამართლო განხილვა დასრულებული იყო 7 საქმეზე.
თამთა ქიმბარიშვილი საზოგადოებამ გაიცნო პროევროპული აქციების მონაწილე მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული საქმეებიდან. ის შსს-ს წარმოადგენდა ისეთ საქმეებში, როცა აქციაზე დაკავებულ და სამართალდამცველების მიერ ნაცემ მოქალაქეებს უწყება ედავებოდა პოლიციელების დაუმორჩილებლობას, ან წვრილმან ხულიგნობას ; ან, როცა მოქალაქეებს ედავებოდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევის საბაბით, მაგალითად, პირბადის ტარებას, ფეიერვერკის გაშვების, გზის გადაკეტვას, ან ტროტუარზე დგომას.
თამთა ქიმბარიშვილმა ჯერ კიდევ სოციალური ქსელების მონიტორინგის სამმართველოს უფროსად დანიშვნამდე მოითხოვა ლაშა ჩხარტიშვილის დაკავება სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო. მაშინ ქიმბარიშვილი შსს-ს იურისტი იყო და უწყებას წარმოადგენდა მოქალაქეთა წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეებში. 26 თებერვალს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ქიმბარიშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ლაშა ჩხარტიშვილს ფეისბუქზე, ნეტგაზეთის რეპორტაჟის ქვეშ დაწერილი კომენტარის გამო 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
