არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტები, რომლებიც “მთავარი არხის” მტკიცებით პროგრეს ბანკში 2016 წელს ჩატარებული აუდიტორული დასკვნიდან მოიპოვეს, ეროვნულ ბანკში არ არის.
ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის თქმითვე, რეგულატორმა თიბისი ბანკს უკვე მიმართა თხოვნით, თუ აქვთ ეს დოკუმენტები, სამართალდამცავ ორგანოებს წარუდგინონ:
“ამ საკითხზე დეტალებში ვერ შევალ, რადგან საზედამხედველო პროცესი კონფედენციალურია. თიბისი ბანკმა პროგრეს ბანკის 95% შეიძინა. რაც შეეხება სიუჟეტში ნაჩვენებ დოკუმენტს, ეროვნულ ბანკში ჩვენ ეს დოკუმენტი ვერ მოვიძიეთ. ამიტომ თიბისი ბანკს მივმართეთ, თუ არსებობს ასეთი დოკუმენტი, სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს. ამასთან, გვაცნობოს ამ დოკუმენტის შესახებ. როცა უკვე გვექნება, ვნახავთ, რაზეა საუბარი.”
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ამ დოკუმენტების საფუძველზე დგინდება, რომ უცხოელი ექსპერტები ბანკის ტრანზაქციების ნაწილს კრიტიკულად საფრთხის შემცველად მიიჩნევენ ფულის გათეთრების რისკების გამო.
პროგრეს ბანკი 2007 წელს კახა კალაძემ დააფუძნა. ორგანიზაციამ ბანკის პროფილით 2016 წლამდე იარსება და გამომძიებელი ჟურნალისტების, დეივ ბლოსისა და ნინო ბაქრაძის მიხედვით, მოგებაზე მხოლოდ ერთხელ, 2010 წელს გავიდა (+ 354 000 ლარი). დანარჩენი 8 წლის მანძილზე კი, საერთო ჯამში, 5.4 მილიონ ლარი დაკარგა. კალაძე “პროგრეს ბანკის” 100 პროცენტს 5 წლის მანძილზე ფლობდა.
2012 წლიდან ბანკის 21.79 პროცენტს ბიძინა ივანიშვილი ფლობდა, დანარჩენს – ილია გავრილოვი, რუსი ბანკირი, რომელიც რუსეთში დიმიტრი მედვედევთან გარიგებაში მონაწილეობდა. 2016 წელს პროგრეს ბანკის აქტივების ნაწილი თიბისიმ იყიდა, ხოლო პროგრეს ბანკმა არსებობა შეწყვიტა.
დღეს ნეტგაზეთმა ეროვნულ ბანკს მიმართა კითხვით, 2016 წელს, როდესაც პროგრეს ბანკის ლიკვიდაციის საკითხი განიხილებოდა, ეროვნული ბანკის მხრიდან იყო თუ არა შესწავლილი ბანკში არსებული მდგომარეობა და იქ ნამდვილად ფიქსირდებოდა თუ არა საეჭვო ტრანზაქციები? სებისგან პასუხი ამ საკითხზე არ მიგვიღია.
პროგრეს ბანკის საქმეზე პროკურატურა თავისი ინიციატივით რეაგირებას არ აპირებს