ახალი ამბებისამართალი

პროგრეს ბანკის საქმეზე პროკურატურა თავისი ინიციატივით რეაგირებას არ აპირებს

16 ოქტომბერი, 2019 •
პროგრეს ბანკის საქმეზე პროკურატურა თავისი ინიციატივით რეაგირებას არ აპირებს

უცნობია, დაიწყება თუ არა გამოძიება მთავარი არხისა და მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც პროგრეს ბანკში ფულის შესაძლო გათეთრების საქმეს ეხება.

როგორც ცნობილია, მოკვლევის დასაწყებად ხშირად საკმარისია ინფორმაციის მედიით გავრცელებაც, თუმცა პროკურატურიდან ნეტგაზეთს უთხრეს, რომ კომპეტენტური უწყებების მიმართვას ელოდებიან:

რა გაავრცელა მთავარმა არხმა და რა თქვა მამუკა ხაზარაძემ?

“მთავარი არხი” აცხადებს, რომ მოიპოვა დოკუმენტები პროგრეს ბანკში 2016 წელს ჩატარებული აუდიტორული დასკვნიდან, საიდანაც დგინდება, რომ უცხოელი ექსპერტები ბანკის ტრანზაქციების ნაწილს კრიტიკულად საფრთხის შემცველად მიიჩნევენ ფულის გათეთრების რისკების გამო.

პროგრეს ბანკი 2007 წელს კახა კალაძემ დააფუძნა. ორგანიზაციამ ბანკის პროფილით 2016 წლამდე იარსება და გამომძიებელი ჟურნალისტების, დეივ ბლოსისა და ნინო ბაქრაძის მიხედვით, მოგებაზე მხოლოდ ერთხელ, 2010 წელს გავიდა (+ 354 000 ლარი), დანარჩენი 8 წლის მანძილზე კი, საერთო ჯამში, 5.4 მილიონ ლარი დაკარგა. კალაძე “პროგრეს ბანკის” 100 პროცენტს 5 წლის მანძილზე ფლობდა. 2012 წლიდან ბანკის 21.79 პროცენტს ბიძინა ივანიშვილი ფლობდა, დანარჩენს – ილია გავრილოვი, რუსი ბანკირი, რომელიც  რუსეთში დიმიტრი მედვედევთან გარიგებაში მონაწილეობდა.

დეივ ბლოსისა და ნინო ბაქრაძის სტატიის მიხედვით, რომელიც ნეტგაზეთზეც გამოქვეყნდა 2017 წელს, გავრილოვი 2015-2016 წლებში “პროგრეს ბანკის” საკონტროლო პაკეტს ფლობდა. საქართველოში შემოსვლიდან მალევე გავრილოვის “ფედერალურ სადეპოზიტო ბანკს” რუსეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზია სწორედ საეჭვო გადარიცხვებისა და კანონთან შეუსაბამო საკრედიტო პოლიტიკის გამო შეუჩერდა.

ილია გავრილოვის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

2016 წელს პროგრეს ბანკის აქტივების ნაწილი თიბისიმ იყიდა, ხოლო პროგრეს ბანკმა არსებობა შეწყვიტა.

მიმდინარე წელს პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პროგრეს ბანკის ყიდვა მას პირადად სთხოვა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც იმ დროს ამ ბანკის მეწილე იყო.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ სანამ პროგრეს ბანკის ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, უცხოურ ორგანიზაციას დაუკვეთეს აუდიტი, რომელმაც პროგრეს ბანკში “კრიტიკულად არასასრუველი მდგომარეობა” დააფიქსირა. მეტიც, ხაზარაძის თქმით, “გაუჩნდათ ეჭვი, რომ ეს იყო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები”.

“რამდენიმე ჯანმრთელი აქტივი წამოვიღეთ. ამის მერე ეროვნულმა ბანკმა დარჩენილებს ლიკვიდაცია გაუკეთა”, – აცხადებს ხაზარაძე.

ამ ეტაპზე უცნობია იმ ორგანიზაციის სახელი, რომლის მიერ ჩატარებული კვლევიდანაც “მთავარმა არხმა” გაასაჯაროა გარკვეული დოკუმენტები. ასევე უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის ჩატარდა ეს აუდიტი, ვინ აწერს მას ხელს და ა.შ. ამასთანავე, დაუდგენელია ის დოკუმენტები, რომლებიც მთავარმა არხმა გაასაჯაროა, არის თუ არა თიბისი ბანკის დაკვეთით 2016 წელს ჩატარებული აუდიტიდან? თიბისი ბანკში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.

რას ამბობს დღეს კალაძე

პროგრეს ბანკის დამფუძნებელი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბანკს ფულის გათეთრებასთან კავშირი არ ჰქონია. მეტიც, თეორიულადაც რომ დავუშვათ, რომ ბანკში ასეთი რამ მართლაც მოხდა,  “რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი?” – კითხულობს კალაძე.

“ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა პროგრეს ბანკში განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოტივით, რომ ბანკი გადაერჩინა იმ თაღლითებისა და მოძალადეებისაგან, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა. როდესაც მე მივიღე პოლიტიკაში შემოსვლის გადაწყვეტილება, ორი ბანკი იყო: “ქართუ” და პროგრეს ბანკი, რომელთაც დაუწყეს ბრძოლა ყველანაირი აკრძალული მეთოდებით, კანონის წინააღმდეგ სცადეს გაკოტრება, დაიწყეს იმ ადამიანების დაშინება, ვისაც ვემსახურებოდით კრედიტებით. ერთადერთი მოტივი, რისთვისაც ივანიშვილმა შეიძინა 22% და რამდენიმე მილიონი გადაიხადა, იყო ის, რომ ბანკი გადაერჩინა და ეს მართლაც ასე მოხდა. სხვა მას არანაირი შეხება არ ჰქონია ბანკთან…

… არანაირ გათეთრებებთან პროგრეს ბანკს კავშირი არ ჰქონია და მეორე, თეორიულად რომ წარმოვიდიგნიოთ, ვთქვათ, მართლა რაღაც გადარიცხვები განახორციელა ამ ბანკმა, ბიძინა ივანიშვილი საერთოდ რა შუაშია?”, – განაცხადა კალაძემ დღეს, 16 ოქტომბერს.

დაიწყება თუ არა გამოძიება

მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ თუ ამ საქმეზე ფულის გათრეთრების ფაქტი დამტკიცდება, ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, “ვინც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ეს ბანკი გააქრო რადარებიდან, ყოველგვარი კითხვების გარეშე”. ხაზარაძე ამ კუთხით ეროვნული ბანკის მმართველების პასუხისმგებლობისაკენ მიანიშნებს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ის ვერ შეაფასებს, გვაქვს თუ არა საქმე ფულის გათეთრებასთან, რადგან ეს საგამოძიებო უწყებების პრეროგატივაა.

მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა ამოიღონ ამ ბანკის საქმე ეროვნული ბანკის არქივებიდან. ეს საკითხი უნდა გადაეცეს პროკურატურას და ისეთივე ინტენსივობით წარიმართოს გამოძიება, როგორც ეს თიბისი ბანკთან დაკავშირებით ხდებოდა, როცა საქმეში ერთდროულად იყო ჩართული საგადასახადო სამსახური, პროკურატურა, ფინანსური მონიტორინგის სამსახური და ეროვნული ბანკი.

“შერჩევითი სამართალი უნდა დასრულდეს”, – აცხადებს ხაზარაძე.

ნეტგაზეთმა ეროვნულ ბანკს მიმართა კითხვით, 2016 წელს, როდესაც პროგრეს ბანკის ლიკვიდაციის საკითხი განიხილებოდა, ეროვნული ბანკის მხრიდან იყო თუ არა შესწავლილი ბანკში არსებული მდგომარეობა და იქ ნამდვილად ფიქსირდებოდა თუ არა საეჭვო ტრანზაქციები? – პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

პროკურატურაში კი გვითხრეს, რომ გამოძიება დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო ორგანოს მიმართავს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო:

“თუ იქნება კომპეტენტური უწყებების მიერ, მათ შორის მთავარი რეგულატორის, ანუ ეროვნული ბანკის, ასევე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მომართვა, საქართველოს პროკურატურა მოახდენს შესაბამის რეაგირებას”, – მისწერეს ნეტგაზეთს პროკურატურის პრესსამსახურიდან.

პროკურატურის ამ პოზიციას არ ეთანხმება იურისტი ლევან ალაფიშვილი, რომელიც თვლის, რომ პროგრეს ბანკის საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაწყებულიყო, როდესაც ხაზარაძემ პირველად ისაუბრა საჯაროდ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე.

“საგამოძიებო ორგანოსგან შესწავლის საფუძველი უკვე არის იმიტომ, რომ გვახსოვს, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული გამოძიება ასეთ რთულ საქმეებში, ყოველთვის ეფარებოდა ხოლმე რომ აი, ვიღაცამ მოგვმართოსო. ეს არ არის სწორი, კანონშიც წერია  და ბოლო პერიოდის არაერთი საქმე შეგვიძლია გავიხსენოთ, როცა მიმართვის გარეშე საგამოძიებო ორგანოს გამოძიება დაუწყია. პირდაპირი ანალოგი არ არის, მაგრამ 20 ივნისის საქმეზე ვერ დავიჯერებ, რომ ვინმემ მიმართა და ისე დაიწყეს გამოძიება. კანონი ამბობს, რომ ნებისმიეირ საჯარო ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებრივად შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, არის გამოძიების და შესწავლის საფუძველი”, – ამბობს ალაფიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.

იურისტის თქმით, პროგრეს ბანკის საქმეზე გავრცელებული ინფორმაცია “დასაბუთებული ეჭვის საფუძველს” იძლევა და უპრიანი იქნება, რომ ამ ფაქტის შესწავლა საპარლამენტო კომისიის დონეზე მოხდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი