მარიამ კუბლაშვილი, რომელიც სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატია, თამთა თოდაძეს საეთერო დებატებში იწვევს.
კუბლაშვილი განცხადებას ამის შესახებ ფეისბუკზე ავრცელებს და “მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას თხოვნით მიმართავს:
“მივმართავ ბატონ ნიკა გვარამიას, გთხოვთ, დამითმეთ ეთერი და მოიწვიეთ ჩემთან დებატებში თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი. ფორმატი იყოს პირდაპირი, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე, მზად ვარ ღია და პირდაპირი საუბრისთვის, კითხვებზე პასუხისთვის!
მე ვირჩევ ნიკას, ვინაიდან ის არის კვალიფიციური იურისტი და შემდეგ- ჟურნალისტი, ბევრად კომფორტულია ჩემთვის მის მწვავე და თუნდაც მიკერძოებულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ვიდრე, ახსნა, თუ რატომ არ არის კითხვა რელევანტური. აქვე უნდა მომეცეს საშუალება დავუსვა ამომწურავი კითხვები თამთას და არ შევიზღუდო დროში. ველოდები პასუხს, მადლობა“ ,- ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ 8 ოქტომბერს ბრალი წარუდგინა თანამშრომელზე, თამთა თოდაძეზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობისთვის. დეპუტატი ძალადობაზე ბრალდებებს უარყოფს.
პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ მოუთხოვია და მხოლოდ 10 000-ლარიან გირაოს დასჯერდა. სასამართლო 11 ოქტომბერს საავადმყოფოში გაიმართა.
სასამართლო პროცესის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მას ასევე შეეზღუდა მოწმეებთან კომუნიკაცია.
თამთა თოდაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ “ოცნების“ დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა ნასვამ მდგომარეობაში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა.
ამავე თემაზე:
“ცირკად უნდათ აქციონ ეს სერიოზული საქმე” – პატარაია დებატებზე კუბლაშვილის ინიციატივის შესახებ
პატარაიას 3 არგუმენტი, თუ რატომ უნდა შეეფარდოს ილია ჯიშკარიანს წინასწარი პატიმრობა