არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, რომ თამთა თოდაძე მარიამ კუბლაშვილის მიერ შეთავაზებულ დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს. სწორედ საფარი იცავს თოდაძის ინტერესებს.
როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, სქესობრივ დანაშაულებზე, როგორც წესი, მსხვერპლები ღიად არ საუბრობენ, მით უმეტეს, საქართველოში, სადაც ეს თემა ზოგადად ტაბუირებულია. პატარაია განმარტავს, რომ ილია ჯიშკარიანის დაცვის მხარის სტრატეგია არის თამთა თოდაძის პირადი ცხოვრების ქექვა და ალკოჰოლის მოხმარებაზე გარკვეული ჭორების გავრცელბა, რომელსაც შეხება არ აქვს აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან.
“კუბლაშვილს სურს, სექსუალური ძალადობის მსხვერპლს პირდაპირ ეთერში დაკითხვა მოუწყოს. ერთი მხრივ, ეს არის არასერიოზული, მეორე მხრივ, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება მსხვერპლის ინტერესებში შემავალი საკითხი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ცირკად უნდათ აქციონ ეს სერიოზული საქმე. კუბლაშვილს პრეტენზია აქვს დაზარალებულისა და მსხვერპლის მიმართ მაშინ, როცა ილია ჯიშკარიანი არცერთ ეთერში არ მიდის შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. ამიტომ ეს შეთავაზება ჩვენი მხრიდან სერიოზულად ვერც კი იქნება განხილული. ეს არის ისეთი შემოთავაზება, რომელზეც სერიოზული პასუხის გაცემაც კი შეუძლებელია”,-ამბობს პატარაია.
მარიამ კუბლაშვილი, რომელიც სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატია, თამთა თოდაძეს საეთერო დებატებში იწვევს.
განცხადებას ამის შესახებ კუბლაშვილი ფეისბუკზე ავრცელებს და “მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას თხოვნით მიმართავს:
“მივმართავ ბატონ ნიკა გვარამიას, გთხოვთ, დამითმეთ ეთერი და მოიწვიეთ ჩემთან დებატებში თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი. ფორმატი იყოს პირდაპირი, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე, მზად ვარ ღია და პირდაპირი საუბრისთვის, კითხვებზე პასუხისთვის!
მე ვირჩევ ნიკას, ვინაიდან ის არის კვალიფიციური იურისტი და შემდეგ- ჟურნალისტი, ბევრად კომფორტულია ჩემთვის მის მწვავე და თუნდაც მიკერძოებულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ვიდრე, ახსნა, თუ რატომ არ არის კითხვა რელევანტური. აქვე უნდა მომეცეს საშუალება დავუსვა ამომწურავი კითხვები თამთას და არ შევიზღუდო დროში. ველოდები პასუხს, მადლობა“ ,- ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ 8 ოქტომბერს ბრალი წარუდგინა თანამშრომელზე, თამთა თოდაძეზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმეზე. დეპუტატი ძალადობაზე ბრალდებებს უარყოფს.
პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ მოუთხოვია და მხოლოდ 10 000-ლარიან გირაოს დასჯერდა. სასამართლო 11 ოქტომბერს საავადმყოფოში გაიმართა.
სასამართლო პროცესის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯიშკარიანს ასევე შეეზღუდა მოწმეებთან კომუნიკაცია.
თამთა თოდაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ “ოცნების“ დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა სამსახურში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა.