„ღმერთმა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო გამთლიანდეს“, — აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია.
12 ოქტომბერს გორელობის დღესასწაულზე გორში ყოფნისას ბოკერიამ ჟურნალისტებს უთხრა: „საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, აქ ახლოს არის ჩვენი მტერი და, სამწუხაროდ, საოკუპაციო ხაზი. ღმერთმა და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გამთლიანდეს და ეს ხალხი მყარად იდგეს ფეხზე“.
მისი კომენტარი „ევროპული საქართველოს“ ფეისბუკის გვერდმა გაავრცელა გორში მისი ვიზიტის ამსახველ სხვა კადრებთან ერთად. ამავე კადრებში ჩანს, როგორ ესალმება იგი სხვადასხვა ადამიანს გორში, მათ შორის მხარზე ემთხვევა ერთ-ერთ სასულიერო პირს.
რამდენიმე დღით ადრე, 7 ოქტომბერს, გიგა ბოკერიამ პარლამენტში ხაზი გაუსვა მის კავშირს ქრისტიანობასთან: „კი სხვადასხვანაირად მნათლავენ ხოლმე, მაგრამ მე ნაწილი ვარ კულტურულად ქრისტიანული მიმდინარეობის“, — თქვა მან, სანამ მუსლიმურ სასულიერო სასწავლებელთან დაკავშირებულ სასამართლო საქმეზე დაუსვამდა კითხვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მაია ვაჩაძეს.
ორიოდე კვირით ადრე იგი ყოფილმა თანაგუნდელმა, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ანტიქრისტიანულობასა“ და „ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლაში“ დაადანაშაულა.
„ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან… ბოკერია არის ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული“, — განაცხადა სააკაშვილმა 29 სექტემბერს, კვირა საღამოს, „მთავარ არხზე“ ნიკა გვარამიასთან და ეკა კვესიტაძესთან გადაცემაში ჩართვისას.
„მალე ალბათ ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს“, — ასე გამოეხმაურა მეორე დღეს გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის ამ ნათქვამს.