ახალი ამბები

მალე ალბათ ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს — ბოკერია სააკაშვილზე

30 სექტემბერი, 2019 • 1668
მალე ალბათ ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს — ბოკერია სააკაშვილზე

„მალე ალბათ ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს“, — ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, წინა ღამით მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს — „ბოკერია არის ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული“.

29 სექტემბერს, კვირა საღამოს, „მთავარ არხზე“ ნიკა გვარამიასთან და ეკა კვესიტაძესთან გადაცემაში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მისი ყოფილი თანაგუნდელი, ამჟამად „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ასე გააკრიტიკა:

„რაც შეეხება ბატონ ბოკერიას, აქ არ არის პიროვნული განსხვავებები, აქ არის ფუნდამენტური განსხვავებები. მე ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვატარებ ჯვარს. ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან“.

სააკაშვილმა ასევე თქვა: „მთელი ეს წლები განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება ქართული ტრადიციების და ფასეულობების მიმართ. ჩვენი ქართული ფასეულობები, რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი. ბოკერია არის ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი “მთავარ არხზე” საუბრისას.

გადაცემის წამყვანები რამდენჯემე შეეცადნენ გაერკვიათ, კონკრეტულად რა ქმედებებს გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილი „ანტიქრისტიანულ და ქარტული ტრადიციების საწინააღმდეგოში“, თუმცა მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული ქმედებები არ დაუსახელებია.

მეორე დღეს გიგა ბოკერიამ ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პარტიაში მოგვიანებით გაიმართება ბრიფინგი ამ თემაზე, თუმცა თქვა:

„მალე, ალბათ, ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს… და ისე, ხუმრობის გარეშე, ნამდვილად ასეა — როგორც დიდი მიღწევების, ისე მძიმე ჩავარდნების მემკვიდრე არის „ევროპული საქართველო“. ჩვენი პოლიტიკური გუნდი და არა სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა“.

ნახეთ ასევე:

სააკაშვილი: ბოკერია ყველაფერია, რაც ანტიქრისტიანული და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგოა

მასალების გადაბეჭდვის წესი