ახალი ამბები

„საზოგადოებაზე გავლენის მოპოვების მცდელობას პროკურატურაზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს“ — სალაძე

12 ოქტომბერი, 2019 •
„საზოგადოებაზე გავლენის მოპოვების მცდელობას პროკურატურაზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს“ — სალაძე

სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის განცხადებები საავადმყოფოდან საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოპოვების მცდელობას ჰგავს, რასაც პროკურატურატურაზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს; თუმცა, როგორც ჩანს, პირიქით ხდება — ამ უწყების მიერ ჯიშკარიანისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნისგან თავის შეკავება კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს, — ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია-ს) თავმჯდომარე, სულხან სალაძე.

ბრალდება

თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ 8 ოქტომბერს ბრალი წარუდგინა თანამშრომელზე, თამთა თოდაძეზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობისთვის. დეპუტატი ძალადობაზე ბრალდებებს უარყოფს.

პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ მოუთხოვია და მხოლოდ 10 000 ლარიან გირაოს დასჯერდა. სასამართლო 11 ოქტომბერს საავადმყოფოში გაიმართა, სადაც ჯიშკარიანი ამ დრომდე რჩება.

საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე აკრიტიკებს პროკურატურის გადაწყვეტილებას, არ მოეთხოვათ პატიმრობა და ამბობს: „როცა პროკურატურა ითხოვს გირაოს და უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით არ შემოდის, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ადამიანზე, რომელიც დაკავშირებულია მმართველ პარტიასთან, წარმოადგენს მათ საკრეუბლოში, შესაძლოა გარკვეული გავლენებიც ჰქონდეს, ლოგიკურია, ჩნდება კითხვა, რომ შესაძლოა, პროკურატურის გადაწყვეტილება მოტივირებული იყოს ამ ფაქტორებით“.

სალაძის თანახმადვე, პროკურატურას პატიმრობა რომც მოეთხოვა, სასამართლოს, შესაძლოა, მაინც სხვა გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა ამ შემთხვევაში აქცენტი სასამართლოზე იქნებოდა და არა პროკურატურაზე. ახლა კი გაურკვეველია, რა არგუმენტით არ მოითხოვა პროკურატურამ უფრო მკაცრი ღონისძიების შეფარდება.

გაჩენილი კითხვები

„რასაც ახლა ვხედავთ, მათ შორის მედიაში, თანდათან შოუს უფრო ემსგავსება. ვსაუბრობ არა ბრალდებაზე, არამედ იმაზე, რასაც ვისმენთ მედიით საპასუხოდ. ანუ მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხები გადადის უკანა ფლანგზე. ამის ფონზე, აუცილებელია მეტი მგრძნობელობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ამ ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით. სწორი და ადეკვატური იქნებოდა უფრო მკაცრი დამოკიდებულება ამ საქმეზე“, — ამბობ სალაძე.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაინც ტოვებს საზოგადოებაში განცდას, რომ შესაძლოა გირაოზე შუამდგომლობა პროკურატურის მხრიდან უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების ნაცვლად განპირობებული იყო გარკვეული პოლიტიკური კონტექსტით. ვგულისხმობ, რომ პირი დაკავშირებულია მმართველ პარტიასთან, შესაძლოა, ჰქონდეს გარკვეული კავშირები, გავლენები. ფაქტია, რომ პროკურატურამ უფრო მეტი სასაუბრო დატოვა საზოგადოებაში, ვიდრე გააქარწყლა კითხვები“.

ჯიშკარიანმა 11 ოქტომბერს ტვ პირველზე საავადმყოფოდან ჩართვისას თქვა, „მე თუ სახელი გამიფუჭდება, ამით ზიანი პოლიტიკურ პარტიას მიადგება, ეს მიზანმიმართული დისკრედიტაციაა“. სალაძემ ამბობს: „არ მგონია, რომ ის იმ მასშტაბის გავლენის ადამიანია, რომ ვინმეს მიზანი მისი დისკრედიტაცია ყოფილიყო. ასეც რომ იყოს, ეს პროკურატურისთვის არაფერს ცვლის. ერთი მხარეა, რას ამბობს ადამიანი, რომელსაც გამოძიება ედავება კონკრეტული დანაშაულის ჩადენას. მას შეიძლება ასეთი სტრატეგია აქვს არჩეული, ჰგონია, რომ მისი ვერსიის დასამტკიცებლად სწორედ ის უნდა თქვას, რასაც ამბობს. მაგრამ მეორეა პროკურატურა, — ეს არის სახელმწიფო ბრალდება, რომელიც უნდა იყოს დისტანცირებული მსგავსი ტიპის პროცესისგან, მანიპულაციებისგან და უბრალოდ მტკიცებულებებზე იყოს ორიენტირებული“.

„მანიპულაცია“

ჯიშკარიანმა იმავე ინტერვიუში თქვა: „მე განაჩენი გამომიტანეს ფემინისტებმა, რადიკალებმა, ლიბერალებმა“… სალაძე ამასთან დაკავშირებით ამბობს: „ეს ნათლად აჩვენებს მგრძნობელობას კაცების დიდი ნაწილის მხრიდან, რამდენად აქვთ მგრძნობელობა ზოგადად ამ ტიპის დანაშაულისადმი. ხშირად თვლიან, რომ თუ ისეთ მოვლენას ჰქონდა ადგილი, როგორზეც თამთა საუბრობს, იქ ნებისმიერ შემთხვევაში დამნაშავე არის ქალი. ეს სტერეოტიპული, სექსისტური, მიზოგინური დამოკიდებულება, პარალელურად ამ სახის კომენტარები, აჩვენებს, რამდენად „დიდია“ მგრძნობელობა კაცებში. „მირეკავენ მამაოები და დედაოები“ და მსგავსი ტიპის განცხადებები [რაც ჯიშკარიანმა გააკეთა], სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანი ასეთ რამეს არ გააკეთებს, ისევე, როგორც თუ ეკლესიური არ არის, ყველა შემთხვევაში გააკეთებს“.

სალაძე ჯიშკარიანის 11 ოქტომბრის ინტერვიუს უწოდებს „მცდელობას საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად“ და ამბობს, რომ მსგავსს პროცესს პროკურატურაზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს: „მით უმეტეს, თუ საუბრობს, რომ „მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების დისკრედიტაცია უნდათ“. ბოლოს შეიძლება ისე აღმოჩნდეს ამ საქმეში ყველაფერი, რომ სხვა პარტიას გადაბრალდეს, თითქოს ისინი ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ „ქართული ოცნება“ ასეთი საშინელია და ამიტომაც ხდება ეს ყველაფერი“.

„პროკურატურა უნდა იყოს ცივსისხლიანი, დისტანცირებული უნდა იყოს მსგავსი ტიპის პოზიციებისა და განცხადებებისაგან და მან უნდა იმოქმედოს იმ სტატისტიკაზე, გაზრდილ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, რომელიც ქვეყანაში არის ქალთა მიმართ დანაშაულთან მიმართებაში. ეს უნდა იყოს ამოსავალი, რომ სხვა შემთხვევებში პრევენცია მოხდეს“.

„ორმაგი სტანდარტი“

სალაძე იხსენებს 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულ ადამიანებს, რომლებისთვისაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვეს, და ამბობს, რომ ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატისთვის იმავეს არ ითხოვს პროკურატურა, გაჩენილ კითხვებს ამძაფრებს:

„როდესაც ერთ შემთხვევაში პროკურატურა უაპელაციოდ შეიძლება ითხოვდეს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, ხოლო მეორე შემთხვევაში, როცა პირი დაკავშირებულია მმართველ პარტიასთან, მისი სახეა საკრებულოში, ლოგიკურია, ჩნდება კითხვა, ერთ შემთხვევაში თუ ითხოვენ პატიმრობას, მეორე შემთხვევაში რატომ არა? გასაგებია, რომ სხვადასხვა მუხლზეა საუბარი, თუმცა ისევდაისევ უწყების მგრძნობელობამდე მივდივართ, პრობლემის აღქმამდე და საზოგადოების სტერეოტიპულ განწყობებამდე მედიასა და სოციალურ ქსელებში… ეს პროცესი მხოლოდ აძლიერებს ამ მცდარ, მანკიერ დამოკიდებულებას, რომ თითქოს დამნაშავე ქალია“.

“აბსურდულ სიტუაციაში ვართ” – თამთა თოდაძის ადვოკატი

მასალების გადაბეჭდვის წესი