სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატი ილია ჯიშკარიანი Ipn-თან აცხადებს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები სიცრუეა.
როგორც საავადმყოფოში მყოფმა დეპუტატმა Ipn-ს განუცხადა, მისთვის ბრალის წარდგენა შოკისმომგვრელი იყო. ამასთან, როგორც სააგენტო წერს, ჯიშკარიანი აცხადებს, რომ სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას იწყებს:
„ეს არის ცრუ ბრალდება, ძალიან მძიმეა, მაგრამ ცრუა. ბრალს არ ვაღიარებ. კანონი რასაც ითვალისწინებს, სასამართლო იქნება თუ საგამოძიებო მოქმედებები, მზად ვარ, ყველაფერში მონაწილეობა მივიღო. არასდროს შემიშლია ხელი და არც გამოძიებისთვის მითქვამს უარი. რაც იყო, იმასთან დაკავშირებით ჩვენება მივეცი. სიმართლე რომ გითხრათ, ბრალის წაყენებას არ ველოდი. საიდან? რანაირად? ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო.
ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. ახლა ბრძოლას ვიწყებ და შეხედავს საზოგადოება, ჩემი მშობლები, ჩემი ამომრჩეველი, ნათესავები და თქვენც დაინახავთ“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი გუშინ, 8 ოქტომბერს წარუდგინა. მას თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და ცემას ედავებიან (სსსკ-ის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით).
თამთა თოდაძემ რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნების“ დეპუტატი და საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. თოდაძე დეპუტატის თანამშრომელი იყო.
როგორ ის ჰყვება, ილია ჯიშკარიანმა ნასვამ მდგომარეობაში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა.