ახალი ამბები

საყდრისის დაცვის კომიტეტი საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნით აქციას გამართავს

30 მარტი, 2015 •
საყდრისის დაცვის კომიტეტი საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნით აქციას გამართავს

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრმა ანა მიქაუტაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ დღეს მთავრობისა და პარლამენტის ბიუროს სხდომები იმართება და ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვენ, გვერდით გადადონ პარტიული კუთვნილება და საყდრისის საკითხით დაინტერესდნენ.

 

“ჩვენი მოთხოვნაა, რომ დეპუტატებმა გვედრით გადადონ პარტიული კუთვნილება და პარტიული აზროვნება და იფიქრონ მხოლოდ და მხოლოდ საყდრისზე, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაზე და მიიღონ ისეთი გადაწყვეტულება, რომელიც საყდრისში ნგრევას შეაჩერებს. კომისიის შექმნის შესახებ იქნება მოწოდება. დეპუტატებს მოვუწოდებთ მისცენ ხმა კომისიის შემქნას და ნგრევის შეჩერებას”, – ამბობს ანა მიქატაძე.

 

მისი თქმით, მოთხოვნად რჩება საყდრისში არქეოლოგების დასწრება, რადგან იანვარში ჰქონდათ ინფორმაცია, რომ არტეფაქტები არის აღმოჩენილი, თუმცა ვერ მოახერხეს გადამოწმება. ანა მიქაუტაძეს იმედი აქვს, რომ კომისია საყდრისში სამუშაოების მონიტორინგს გასწევს.

 

“მონიტორინგი არ მიმდინარეობს მაშინ, როცა სამუშაოები ღამითაც მიმდინარეობს, აფეთქებებით. იქ წარმოუდგენელიც არის, რომ რაიმე ფაქტი თუ აღმოჩნდება, შეინარჩუნო”, – ამბობს ანა მიქაუტაძე.

 

საყდრისის მაღარო არის არქეოლოგიური ობიექტი ბოლნისის რაიონში, რომელსაც 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. საყდრისი მაღაროს გარშემო დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანია RMG-მ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ ძეგლი, რომლის მნიშვნელობა გაზვიადებული იყო, მის სალიცენზიო ტერიტორიაზე მდებარეობდა და ოქროს მოპოვებაში ხელს უშლიდა.

 

ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საყდრისი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ ობიექტს. მის მნიშნელობაში ეჭვი შეჰქონდა კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც 2014 წლის 13 მარტს კომპანია MRG-ს საყდრისის ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების წარმოების უფლება მისცა. თუმცა მოგვიანებით, სააგენტოს მიერ მოწვეულმა ექსპერტებმაც დაადასტურეს, რომ საყდრისის მაღარო უძველესია და იქ ოქროს ან სპილენძს მოიპოვებდნენ. ეს საკითხი კი შემდეგ კვლევებს უნდა გაერკვია.

 

ამის მიუხედავად, კომპანია „RMG“-მ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები დაიწყო. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა

 

კომპანიის ქმედების შემდეგ განახლდა აქციებიც საყდრისის მხარდასაჭერად. აქციის მონაწილეები საყდრისში მიწის სამუშაოების შეჩერებასა და კვლევის გაგრძელებას მოითხოვენ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო კი აცხადებს, რომ ობიექტი იმდენად დაზიანებულია, რომ კვლევის გაგრძელება შეუძლებელია.

აქცია საყდრისის დასაცავად მთავრობის კანცელარიის წინ 22.12.2014
აქცია საყდრისის დასაცავად მთავრობის კანცელარიის წინ 22.12.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი