“კონსტიტუციის სრულყოფის პროცესი ეს პრაქტიკულად უწყვეტი პროცესია ყველა სახელმწიფოში, ვერ ნახავთ ქვეყანას, რომელშიც მოქმედი კონსტიტუცია არ არის განახლებული, შეცვლილი წლების მიხედვით, განსაკუთრებით ახალი სახელმწიფოების. ახალი დემოკრატიების ისტორიას თუ გადავხედავთ, პოსტსაბჭოურ სივრცეში განსაკუთრებით, ახლადშექმნილი სახელმწიფოები მუდმივად ცდილობენ, დახვეწონ თავიანთი კონსტიტუციური ფუნდამენტი და საქართველო არ არის გამონაკლისი. თუმცა, მოგეხსენებათ, აქ არის მეორე უკიდურესობა, რომ ამ პროცესმა არ გააჩინოს კონსტიტუციური არასტაბილურობის განცდა და იმის განცდა, რომ კონსტიტციური ნორმები შეიძლება ისევე მარტივად, სწრაფად შეიცვალოს, როგორც ეს სხვა საკანონმდებლო აქტებთან მიმართებაშია. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ქვეყანა კარგავს იმ სამართლებრივ-პოლიტიკურ ფუნდამენტს, რაზეც დანარჩენი ინსტიტუტები უნდა აშენდეს,”– განაცხადა უსუფაშვილმა სხდომაზე.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, კონსტიტუციური ცვილიებების გზით გარკვეული საკითხების დაზუსტება აუცილებელია:
“2013 წლის ნოემბრიდან ჩვენ ვცხოვრობთ ახალ რეალობაში კონსტიტუციური თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ცვლილებები შევიდა ძალაში, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების სისტემას სხვაგვარად ალაგებს, ხელისუფლების დანაწილების ახალ მოდელს გვთავაზობს, მნიშვნელოვნად შეიცვალა პრეზიდენტის ფუნქციები, ასევე მნიშვნელოვნად შეიცვალა მთავრობის, პრემიერის ფუნქციები, პარლამენტის ფუნქციები და ამ ყველაფერმა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დაგვანახა სიკეთეც ამ პროცესში და გარკვეული საკითხებიც, რომელთა დაზუსტება არის აუცილებელი კონსტიტუციური ცვლიებების გზით, კონსტიტუციის სწორი და თანმიმდევრული ინტერპრეტაციის გზით”
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება კონსტიტუციის თავის თავზე მორგებას არ აპირებს და უნდა მომზადდეს იმ ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სახელმწიფოს ჭირდება.
“სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიის შექმნის დროსვე ჩვენ განვაცხადეთ, რომ არ უნდა ჰქონოდა ამ პროცესს ზედმეტი და არასასურველი აჟიოტაჟი, რომ ახალი ხელისუფლება აპირებს თავის თავზე მოირგოს კონსტიტუცია, ეს ასე არ არის და ამას თავისთავად ადასტურებს კომისიის მუშაობის პროცესი. ჩვენ არ მოვინდომეთ და არ გავაკეთეთ სწრაფი ცვლილებები, არ მოვინდომეთ და არ გავაკეთეთ სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ინიცირებული საკითხების დომინირება სამუშაო ჯგუფებში. პირიქით, ამოცანა იყო ის, რომ ყველას გვქონოდა საშუალება გამოგვეთქვა საკუთარი პოზიცია, შემოგვეთავაზებინა საკუთარი ხედვა ამა თუ იმ კონსტიტუციური ინსტიტუტის, ამა თუ იმ ნორმის, ამა თუ იმ მექანიზმის დახვეწის და გაუმჯობესების თვალსაზრისით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა მოვამზადოთ იმ ტიპის ცვლილებების პაკეტი, რომელიც ქვეყანას, სახელმწიფოს სჭირდება და დღევანდელ ქვეყანას, სახელმწიფოს დღევანდელი საზოგადოება წარმოადგენს და არა აბსტრაქტული იდეები. ამიტომ დღევანდელი საზოგადოებისთვის, პოლიტიკური სპექტრისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის მისაღები უნდა იყოს ის ნოვაციები, რასაც კომისია შესთავაზებს პარლამენტს”
საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი თავად დავით უსუფაშვილია, ხოლო მდივანი – გიორგი კვერენჩხილაძე. კომისიაში 5 სამუშაო ჯგუფია შექმნილი:
ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფი; საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი დებულებებისა და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი; საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის და მთავრობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი; დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების საკითხთა სამუშაო ჯგუფი; ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი.