ახალი ამბები

თადუმაძე განმარტავს, როგორ დაამთავრა 1993-98 წლებში 1994 წელს დაფუძნებული ინსტიტუტი

9 ოქტომბერი, 2019 • 2226
თადუმაძე განმარტავს, როგორ დაამთავრა 1993-98 წლებში 1994 წელს დაფუძნებული ინსტიტუტი

შალვა თადუმაძე, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე თავისი დიპლომის ირგვლივ განმარტებებს აკეთებს.

მისი თქმით,  სასწავლებელი, რომელიც 1994 წელს დაფუძნდა, 1998 წელს დაამთავრა ექსტერნით.

კანონის მიხედვით კი, დიპლომის გამცემს უნდა ჩაეწერა ასევე პროგრამის ხანგრძლივობა, მის შემთხვევაში – 5 წელი. შესაბამისად, თადუმაძის განმარტებით, ის, რომ მის დიპლომში მითითებულია 1993 წელი (ანუ ის წელი, როდესაც სასწავლებელი ჯერ არ იყო დაარსებული), მიუთითებს არა რეალურ რიცხვებზე, არამედ იმაზე, რომ პროგრამა იყო 5-წლიანი და უნივერსიტეტს პროგრამის ხანგრძლივობის ვადის ჩაწერა კანონით ევალებოდა.

თადუმაძის დიპლომის შესახებ კითხვა მამუკა მდინარაძემ დაუსვა. თადუმაძემ განმარტა, რომ სკოლა 15 წლის ასაკში დაამთავრა, ის ჰყვება:

“სკოლა დავამთავრე 1994 წელს, 1994 წელს ჩავაბარე თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, რომლის სამეწარმეო სახელწოდება იყო “ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი.

ჩავაბარე 1994 წელს, მაშინდელი კანონმდებლობით, ყველა კონკრეტულ იურიდიულ პირს ჰქონდა უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა განეხორციელებინა, თუ აკმაყოფილებდა იმ სტანდარტებს, რომლებიც მოთხოვნილი იყო ამ იურიდიული პირისთვის.

ეს ინსტიტუტი რომ ამ სტანდარტებს აკმაყოფილებდა, შესაბამისად, მას ჰქონდა უფლებამოსილება განეხორციელებინა… და რამდენადაც ვიცი, არსებობს შესაბამისი დოკუმენტები, მათ შორის, სამინისტროდან, რომ ეს ინსტიტუტი ამ პერიოდში უფლებამოსილი იყო. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები გამოეშვა სამართალმცოდნის კვალიფიკაციით.

1997 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ სტუდენტსა და მოსწავლეს შეეძლო ექსტერნატის ფორმით დაესრულებინა რომელიმე კურსი. მე გამოვიყენე ეს შესაძლებლობა, მივმართე ინსტიტუტს, რომ სურვილი მქონდა ექსტერნატის ფორმით დამესრულებინა აღნიშნული სასწავლებელი. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 1998 წელ,ს სპეციალურად გავედი გამოცდაზე… გავედი გამოცდაზე, ჩავაბარე და ავიღე დიპლომი,“ – ჰყვება შალვა თადუმაძე.

თადუმაძე შემდგომ განმარტავს, რომ 2002 წლიდან, კანონის მიხედვით, სავალდებულო გახდა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ხარისხების დაყოფა და ამ საკანონმდებლო აქტით განისაზღვრა ისიც, თუ როგორი უნდა იყოს დიპლომი. მისი სიტყვებით, დიპლომი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია, რომელშიც ჩასაწერი ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა პროგრამის ხანგრძლივობის დაფიქსირებაა.

“დიპლომში ჩასაწერი აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც დღემდე არსებობს… აუცილებელი მოთხოვნა იყო დიპლომის გაცემის ფაქტიური პერიოდი – 1998 წელი და მეორე, აუცილებელი მოთხოვნა იყო პროგრამის ხანგრძლივობის დაფიქსირება. არა როდის ჩააბარა ამა თუ იმ პირმა, არამედ პროგრამის ხანგრძლივობის დაფიქსირება.

1998 წელს მე დავამთავრე 5-წლიანი სასწავლო პროგრამა ექსტერნატის ფორმით, შესაბამისად, დიპლომის გამცემი ვალდებული იყო ჩაეწერა 5-წლიანი პროგრამის განმსაზღვრელი ვადა და ეს, ბუნებრივია, წლებით განისაზღვრებოდა. რომ ჩაეწერა 4-წლიანი… ფაქტიური რომ ჩაეწერა, 94-98 წლები, ერთი მხრივ, მე მექნებოდა პრობლემა და მეორე, ეს არ იქნებოდა იურიდიული საფუძველი, ანუ ეს არ იქნებოდა …

მათ მიმითითეს დრო, როდესაც არ არსებობდა ეს ინსტიტუტი, მაგრამ როცა მიმითითეს, მაშინ არსებობდა, მას ჰქონდა უფლება დიპლომის გაცემის, მას ჰქონდა ექსტერნატის ფორმით სტუდენტისთვის შესაძლებლობის მიცემის, შესაბამისად, ის მოქმედებდა თავისი იურიდიული შესაძლებლობების ფარგლებში და სხვა შესაძლებლობას 97 წლის კანონი არ უტოვებდა… თუ ის აძლევდა პირს შესაძლებლობას, რომ უნდა ჩაებარებინა ექსტერნატის ფორმით, ის ვალდებული იყო დაეფიქსირებინა სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა. პროგრამის ხანგრძლივობა, რაც ყოველთვის და დღესაც, განისაზღვრება წლებით. შესაბამისად, 1993 და 1998 წლების ჩანაწერი – ეს არის იურიდიული მოცემულობა და ფაქტიური მოცემულობა, რომელიც უნდა დაფიქსირებულიყო“ ,- ამბობს თადუმაძე.

ამ განმარტების შემდეგ მდინარაძემ თადუმაძეს ინსტიტუტის სახელწოდებაზეც ჰკითხა. მისი თქმით, 2003 წლამდე ინსტიტუტს ერქვა არა “ნ. დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“, არამედ “თბილისის ჰუმანიტარული“ ინსტიტუტი. თადუმაძე ამ გარემოებას სამეწარმეო კანონის მეშვეობით განმარტავს და ამბობს:

“1994 წელს მოქმედი მეწარმეთა შესახებ კანონის თანახმად, ყველა შპს ვალდებული იყო, ჰქონოდა თავისი სახელწოდება, თუმცა საწარმოს და იურიდიულ პირს კანონი არ უკრძალავს, რომ სამეწარმეო სახელად სხვა რამ გამოიყენოს. მე არ ვიცი, ვინ, რა და როგორ ჩაწერა ამაში, იმიტომ, რომ მე ჩავაბარე “ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში“, მე დავამთავრე ამ სახელწოდების ინსტიტუტი, საგადასახადოში რა ერქვა ამ შპს-ს, არ ვიცი, მაგრამ იმ დიპლომზე, რომელსაც თავისის სარეგისტრაციო ნომერი გააჩნია, მითითებულია ის საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც შემდეგ, 2003 წელს … კოდი იგივეა, სამართალმემკვიდრეა.. სარეგისტრაციო სახელი შეიძლება სხვა იყოს, საწარმოო სახელი შეიძლება სხვა იყოს. იურიდიულად მაშინ ეს შესაძლებლობა არსებობდა.

რახან ეს ინსტიტუტი გახდა 2003 წელს ჰუმანიტარული ინსტიტუტის სამართალმემკვიდრე, მან სრულიად გამოიყენა ახალი კანონის მოთხოვნით სრული დასახელება. მართალი გითხრათ, 98 წლის მერე არც დავინტერესებულვარ, ამ ინსტიტუტს რა დაემართა“,- ამბობს თადუმაძე.

ამ თემაზე ვრცლად:

თადუმაძის დიპლომის ნამდვილობაზე კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს – TI

მასალების გადაბეჭდვის წესი