პროკურატურაში ამბობენ, რომ თამთა თოდაძის დაზარალებულად ცნობის საკითხი ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გადაწყდება.
“შსს-ში მიმდინარე გამოძიების მიერ დანიშნულია 3 ექსპერტიზა , რომელთაგან ჯერ არცერთზე დასკვნა არ არის მიღებული. მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის დასკვნები შეფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიღებული იქნება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება,“ – უთხრეს პროკურატურაში ნეტგაზეთს.
დღეს, 7 ოქტომბერს, პროკურატურასთან თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი თოდაძის დაზარალებულად ცნობა იყო. მისი ადვოკატი, თამარ ლუკავა ამბობს, რომ დაზარალებულის სტატუსის გარეშე გამოძიებაში არსებული მასალების ნახვის უფლება არ აქვთ.
ამ ეტაპზე თოდაძის საქმეზე გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: ძალადობის (სსკ 126-ე); სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების (სსკ 138-ე მუხლის პირველი ნაწილი) და სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ 187-ე). აქციის მონაწილეები ამ მუხლებიდან ერთი-ერთის – 138-ე მუხლის, დამძიმებას ითხოვენ.
“ამ მუხლთან დაკავშირებით გვაქვს მოთხოვნა პუნქტის გადაკვალიფიცირების, რადგან ეს არ არის შესაბამისი პუნქტი. ჩვენ ვითხოვთ, რომ [138-ე მუხლის] მეორე ნაწილით მიმდინარეობდეს, გამოძიება, სადაც მითითებულია, რომ მსგავსი ქმედება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებითაა ჩადენილი,“- ამბობს ადვოკატი თამარ ლუკავა.
თამთა თოდაძემ რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნების“ დეპუტატი და საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. თოდაძე დეპუტატის თანამშრომელი იყო.
როგორ ის ჰყვება, ილია ჯიშკარიანმა ნასვამ მდგომარეობაში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა:
“სექსუალურად შეეცადა ჩემზე ძალადობას. როცა შევეცადე გავქცოდი ამ ყველაფერს, ფიზიკურად შემეხო და ფიზიკურად იძალადა. ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ალბათ, გადწყვიტა ჩემთან დაემყარებინა აქტი. ჩამეხუტა, კისერში რომ გიწყებს კოცნას და ფეხებს შუა შეგიყოფს ხელს… აფექტის მდგომარეობაში ვიყავი, ტელეფონი დავინახე და ვუთხარი, ბატონო ილია, ყველაფერს ვიღებ და გავასაჯაროებ-მეთქი” ,– ჰყვება ქალი ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში.
თოდაძე ამბობს, რომ პატრული 16:44 საათზე გამოიძახა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ოფისში, სადაც მისი ცნობით, ინციდენტის ამსახველი გარემო უნდა ყოფილიყო (ნამსხვრევები), პოლიცია ღამის 03:00 საათზე მივიდა, რა დროსაც ოთახი უკვე დალაგებული იყო.
თოდაძისა და მისი ადვოკატის ცნობით, ძალადობის ამსახველი ნიშნები დაზარალებულის სხეულზე იმავე დღეს დააფიქსირა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ასევე გამომძიებელმა, რომელმაც მას ფოტოებიც გადაუღო. ამასთან, ჩატარებულია ექსპერტიზაც, რომლის შედეგებიც ჯერ უცნობია.
თამთა თოდაძის დედა ხათუნა ოქროპირიძე კი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მისმა შვილმა საჯაროდ ისაუბრა საკრებულოს წევრის მხრიდან მასზე განხორციელებულ ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაზე, თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს.
ილია ჯიშკარიანი ბრალდებას “ბინძურ ჭორს” უწოდებს.