ენმ თამთა თოდაძისთვის საკრებულოში სხვა სამსახურის გამოყოფას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობა“ თამთა თოდაძისთვის საკრებულოში სხვა, თანაზომადი სამსახურის გამოყოფას და დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

მანამ, სანამ თოდაძე ილია ჯიშკარიანის მხრიდან სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაზე ისაუბრებდა, ის ჯიშკარიანის მაჟორიტარის ბიუროში მუშაობდა და მოქალაქეებთან ურთიერთობა ევალებოდა.

“მოვუწოდებთ საკრებულოს უმრავლესობას, გენდერულ საბჭოს, განსაკუთრებით- საკრებულოს წევრ ქალ დეპუტატებს, დადონ პატივი ინტერესებზე მაღლა, შეუერთდნენ მოთხოვნას, სოლიდარობა გამოუცხადონ დაზარალებულ თამთა თოდაძეს და პირველივე საკრებულოს სხდომაზე დააყენონ ილია ჯიშკარიანისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი გამოძიების დასრულებამდე.

ასევე მნიშვნლოვანია დაზარალებული თამთა თოდაძის ინტერესების დაცვა იმ მხრივ, რომ გასაგები მიზეზების გამო ვერ გააგრძელებს საქმიანობას იმავე სამსახურში, რომელშიც მუშაობდა, საკრებულომ შესთავაზოს სხვა თანაზომადი სამსახური, რათა სრულყოფილად გააგრძელოს მან საქმიანობა“ ,- ამბობს თბილისი საკრებულოს დეპუტატი და ენმ-ის წევრი, ლილე ლიპარტელიანი.

მისივე თქმით, საგამოძიებო უწყებების მხრიდან სწრაფი რეაგირებაა საჭირო, ვინაიდან ჯიშკარიანის ოჯახის წევრები “სუს-ის მაღალჩინოსნები არიან და ამ საქმეს მფარველობენ“.


თამთა თოდაძემ რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნების“ დეპუტატი და საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. თოდაძე დეპუტატის თანამშრომელი იყო.

როგორ ის ჰყვება, ილია ჯიშკარიანმა ნასვამ მდგომარეობაში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა:

“სექსუალურად შეეცადა ჩემზე ძალადობას. როცა შევეცადე გავქცოდი ამ ყველაფერს, ფიზიკურად შემეხო და ფიზიკურად იძალადა. ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ალბათ, გადწყვიტა ჩემთან დაემყარებინა აქტი. ჩამეხუტა, კისერში რომ გიწყებს კოცნას და ფეხებს შუა შეგიყოფს ხელს… აფექტის მდგომარეობაში ვიყავი, ტელეფონი დავინახე და ვუთხარი, ბატონო ილია, ყველაფერს ვიღებ და გავასაჯაროებ-მეთქი” ,– ჰყვება ქალი ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში. 

თოდაძე ამბობს, რომ პატრული 16:44 საათზე გამოიძახა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ოფისში, სადაც მისი ცნობით, ინციდენტის ამსახველი გარემო უნდა ყოფილიყო (ნამსხვრევები), პოლიცია ღამის 03:00 საათზე მივიდა, რა დროსაც ოთახი უკვე დალაგებული იყო.

თოდაძისა და მისი ადვოკატის ცნობით, ძალადობის ამსახველი ნიშნები დაზარალებულის სხეულზე იმავე დღეს დააფიქსირა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ასევე გამომძიებელმა, რომელმაც მას ფოტოებიც გადაუღო. ამასთან, ჩატარებულია ექსპერტიზაც, რომლის შედეგებიც ჯერ უცნობია.

თამთა თოდაძის დედა ხათუნა ოქროპირიძე კი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მისმა შვილმა საჯაროდ ისაუბრა საკრებულოს წევრის მხრიდან მასზე განხორციელებულ ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაზე, თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს.

ილია ჯიშკარიანი ბრალდებას “ბინძურ ჭორს” უწოდებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან