“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პროკურატურა დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, გაუთქმელობაზე მოაწერა ხელი, ამიტომ კითხვებზე დეტალურად ვერ ისაუბრებს.
“კითხვები ძირითადად რუსთავი 2-ის საქმიანობას შეეხებოდა. ანუ იმ საკითხებს, რაზეც ტელევიზიაში პასუხისმგებელი ვიყავი. ამ ნაწილზე შეძლებისდაგვარად ამომწურავად გავეცი პასუხი. დანარჩენს ვნახავთ, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, რა კითხვები დაისვა ან მე რა პასუხი გავეცი … ზოგადად ამ საქმეს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის პოლიტიკური დევნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც წარმატებით ახორციელებენ,”-აცხადებს უდუმაშვილი.
“რუსთავი 2”-ის ყოფილი თანამშრომლები, ტელეკომპანია “ფორმულის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს, 3 ოქტომბერს დაიბარეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მათი გამოკითხვა “ინტერმედიის” საქმეზე მოხდა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ “რუსთავი 2”-ისა და სარეკლამო კომპანია “ინტერმედიის” საქმეზე არხის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წაუყენა. პროკურატურა ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიამ შპს ინტერმედიას მიანდო “რუსთავი 2”-ის სარეკლამო დროის გაყიდვა და რამდენიმე მილიონით აზარალა ტელეარხი.