სკოლებში “უსაფრთხოების რუკების“ შექმნა, მოსწავლეთა მიერ ყოველსეზონური კითხვარების შევსება და მათ თვითშეფასებაზე მუშაობა – ეს რამდენიმეა იმ ალტერნატიულ მეთოდებს შორის, რომლებსაც ესტონეთის სკოლებში ბულინგის წინააღმდეგ იყენებენ.
ბულინგი (ინგლისური სიტყვიდან – Bullying) თანატოლთა შორის ძალადობისა და ჩაგვრის ერთ-ერთ ფორმაა. ის კონფლიქტისგან ან ჩხუბისგან სისტემატურობით გამოირჩევა. გარდა ამისა, ბულინგს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სამიზნე.
UNESCO-ს ბოლო კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყოველი მესამე მოსწავლე ამბობს, რომ ერთხელ მაინც ყოფილა ბულინგის მსხვერპლი. საქართველოში სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალია და გამოკითხულ მოსწავლეთა 44.3%-ს აღწევს.
საქართველოს მსგავსად, სკოლებში მოსწავლეთა ბულინგის რიცხვი მაღალია ესტონეთშიც. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აქაც მოსწავლეთა დაახლოებით მესამედი საუბრობს ჩაგვრაზე. თუმცა ესტონეთში მასთან ბრძოლას ალტერნატიული მეთოდებით, მათ შორის, “კივას“ პროგრამის გამოყენებით ცდილობენ.
პროგრამა სკოლაში ისეთი აქტივობების დაგეგმარებას ითვალისწინებს, რომელიც სასკოლო სივრცეს მოსწავლეებისთვის უფრო უსაფრთხოს გახდის, ე.წ. უსაფრთხოების რუკებითა და მოსწავლეთა თვითშეფასების ამაღლების ხარჯზე.
რას სთავაზობს პროგრამა სკოლას და როგორია სკოლის როლი ბულინგის აღმოფხვრაში
“ბულინგისგან თავისუფალი სკოლა“ – ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომელიც პროგრამას სხვადასხვა სკოლას აწვდის. დღეისათვის ესტონეთის მასშტაბით პროგრამა 80-მდე სკოლაში მუშაობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტრინ თომესაარი ამბობს, რომ პროგრამის იმპლემენტაციის შემდეგ სკოლებში ბულინგის მაჩვენებელმა დაახლოებით 23%-დან 10-14%-მდე იკლო.
“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბულინგზე, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის უბრალოდ კონფლიქტი ან ჩხუბი. ბულინგი არის სისტემატური, ეს არის სიტუაცია, როდესაც ვიღაცას განმეორებით და გამიზნულად აყენებენ ტკივილს და როდესაც სახეზეა ძალთა სხვადასხვაობა მხარეებს შორის. ბულინგის მსხვერპლებს, როგორც წესი, უფრო ნაკლები ძალაუფლება აქვთ, შესაბამისად, მათთვის, რთულია, რომ ეს მეორე მხარე შეაჩეროს“, – უთხრა ნეტგაზეთს თომესაარმა.
მისი თქმით, ბულინგი სხვადასხვანაირია, მათ შორის, სიტყვიერი, ფიზიკური, სექსუალური (სექსუალური შევიწროება), კიბერ ან არაპირდაპირი ბულინგი. ეს უკანასკნელი მიემართება სიტუაციას, როდესაც ჩაგვრა ურთიერთობების გავლით ხდება. მაგალითად, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ან ჯგუფიდან გარიყვით. “ბულინგისგან თავისუფალ სკოლაში“ ამბობენ, რომ ბულინგის რიცხვის შემცირება ძალიან რთული და ფაქიზი თემაა და აქ არ შეიძლება უხეში ჩარევა.
“ჩვენ ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას იმიტომ, რომ როგორც წესი, ასეთი მიდგომა უკურეაქციას იწვევს და ბულინგის რიცხვს არ ამცირებს“, – განმარტავენ ისინი.
ტრინ თომესაარი ჰყვება, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ მათ ქცევებს სხვებზე გავლენა აქვთ. სწორედ ამიტომ, სკოლაში დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს არა მხოლოდ მჩაგვრელსა და მსხვერპლს, არამედ თვითმხილველსაც.
“ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომ თვითმხიველებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობის ნაწილი: ისინი შეესწრნენ ფაქტს და, შესაბამისად, ამის საწინააღმდეგოდ რაიმე უნდა გააკეთონ“, – ამბობს თომესაარი.
რაც შეეხება სკოლებსა და პროგრამას, ორგანიზაციის განმარტებით, მათი წარმომადგენლები სკოლებში სხვადასხვა სწავლებაბსა და ტრენინგს ატარებენ, შემდგომ კი აძლევენ რეკომენდაციებს. ამ რეკომენდაციებს შორის არის ყოველსეზონური კითხვარიც, რომელსაც ბავშვები სკოლაში ყოველ გაზაფხულს ავსებენ. კითხვარი მარტივ, გასაგებ ენაზეა შედგენილი და ბავშვები მას ანონიმურად ავსებენ. ამავე კითხვარში ბავშვები აფასებენ არა მხოლოდ სკოლასა თუ სხვა მოსწავლეების დამოკიდებულებას, არამედ მასწავლებლებსაც.
“ეს კითხვარები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სკოლამ სიტუაცია შეაფასოს და დასახოს სტრატეგია. ამას ჩვენ ყველა სკოლას ვურჩევთ. რაც შეეხება თავად სტრატეგიას, მისი შიგთავსი დამოკიდებულია სკოლის პსეციფიკაზე, თუმცა, რეკომენდაციის სახით, ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ მასში შეიტანონ არა მხოლოდ მოსწავლეთა, არამედ სკოლის პერსონალის, მათ შორის, ვთქვათ, დამლაგებლისა თუ დაცვის, ცნობიერების ამაღლების ნაწილიც“, – ამბობს ტრინ თომესაარი.
მისი თქმით, ბულინგი არ ხდება მხოლოდ საკლასო ოთახებში, არამედ დერეფნებში, ეზოებში და ა.შ. შესაბამისად, სკოლის საზოგადოების ყველა წარმომადგენელმა უნდა იცოდეს, თუ რა გააკეთოს ამ დროს. თომესაარი ამბობს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი რამ, რაც სკოლამ ანტიბულინგური სტრატეგიის დასახვისას უნდა გააკეთოს, ეს არის გამოყოს ის ადგილები, რომლებიც მოსწავლეების აზრით საფრთხის შემცველია.
“ეს შეიძლება იყოს უცხო თვალისთვის ფარული ადგილები, საპირფარეშოები, გამოსაცვლელები, კიბეები, სკოლის ეზოს კონკრეტული მონაკვეთები. სკოლას უნდა შეეძლოს ასეთი ადგილების ამოცნობა. ერთ-ერთი ამის მაჩვენებელი არის ისიც, რომ მოსწავლეებს, როგორც წესი, ამ ადგილას მისვლა არ უნდათ, ან მიდიან მხოლოდ გაკვეთლების დროს, მაშინ, როდესაც იციან, რომ სხვა იქ არავინ იქნება.
გარდა ამისა, ადგილების ამოსაცნობად ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ სკოლებს, რომ ამობეჭდონ სკოლის შენობის რუკა, დაურიგონ მოსწავლეებს და მათ ანონიმურად შეძლონ იმ ადგილების მოხაზვა, სადაც ისინი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.
იმის შემდეგ, რაც სკოლას ეს მონაცემი ექნება, მას შეუძლება ამ კონკრეტულ ადგილებში გააძლიეროს მონიტორინგი ან სკოლის პერსონალის რაღაც ნაწილი გაუშვას იქ შესვენებების დროს. ასევე დააკვირდეს ამ ადგილების ინფრსტურქტურას, ხშირად ხდება ისე, რომ ასეთ ადგილებში არის არასაკმარისი განათება ან “დასამალი“, მოფარებული ადგილები“, – განმარტავს თრინ ტომესაარი..
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გარდა ინფრასტურქტურული ნაბიჯებისა, ბულინგი სასკოლო პროგრამაშიც უნდა შედიოდეს. ამისთვის “კივას“ პროგრამა სკოლებს საფეხურების მიხედვით დაყოფილ სადისკუსიო თემებს სთავაზობს.
მაგალითად, 1-3 კლასის ჩათვლით, სკოლის დაწყების პერიოდში ბავშვებს ესაუბრებიან ერთმანეთის შესახებ, აცნობენ ერთმანეთს და საუბრობენ “კარგ და ცუდ“ ემოციებზე. მასწავლებელი ბავშვებს უხსნის, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა ემოციის ამოცნობა, ამ საკითხების გავლის შემდეგ კი მათ ბულინგზე ესაუბრებიან. “ბულინგისგან თავისუფალ სკოლაში“ ამბობენ, რომ ეს დისკუსიები ბავშვების თვითშეფასებაზე დადებითად მოქმედებს, ვინაიდან მათ იციან, რომ თავად შეუძლიათ საქმეში წვლილის შეტანა.
“დაწყებით კლასებში ბულინგზე საუბარი დაახლოებით დეკემბრის თვიდან იწყებენ, ანუ შედარებით მოგვიანებით. ჩვენ ბავშვებს თავიდანვე ბულინგზე არ ვესაუბრებით, არამედ ვუხსნით, რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის დაფასება. მათ უნდა იცოდნენ ეს, სანამ გაიაზრებენ, რას ნიშნავს ბულინგი და მიხვდებიან, რომ ბულინგის პრევენცია მხოლოდ ფიზიკური თავდაცვა არ არის“, – ამბობენ ორგანიზაციაში.
ტრინ თომესაარი ამბობს, რომ შემდეგ კლასებში ბავშვებს უხსნიან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც ბულინგის მსხვერპლნი ან თვითმხილველები არიან. მათ ასევე უყვებიან, რომ არსებობს ე.წ. ჯგუფური ზეწოლის ცნება:
“სწორედ ამ ასაკის ბავშვებს უყალიბდებათ სურვილი, რომ სკოლაში ყველაზე პოპულარულები და შესამჩნევები გახდნენ. ამიტომ მნიშვნელოვანია მათ ავუხსნათ, რომ არსებობს “ჯგუფური ზეწოლა“ და მას ჩვენს ქცევებზე დიდი ზეგავლენა აქვს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება ბულინგს. ხშირად თვითნ ბულერები არიან “ყველაზე პოპულარული“ ბავშვები სკოლაში. ამიტომ ხშირად, ამ პოპულარობის მოპოვების მიზნით, ბავშვები ბულერების ქცევებს იმეორებენ“, – ამბობს თომესაარი.
რაც შეეხება დანარჩენ თემებს, ექსპერტი ჰყვება, რომ კლასებისა და ბავშვების მზაობის მიხედვით, მასწავლებელი სადისკუსიო თემებში ამატებს კიბერბულინგისა და სექსუალური ბულინგის თემებსაც.
“პროგრამაში ჩართული ბავშვები ყოველ წელს “იმეორებენ“ ამ თემებს და სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეს მიდგომა მართლაც მუშაობს.“