ახალი ამბები

პირველი შესაძლებლობა, პირდაპირ გვეთქვა სათქმელი — ზალკალიანი ლავროვთან შეხვედრაზე

26 სექტემბერი, 2019 • 1431
პირველი შესაძლებლობა, პირდაპირ გვეთქვა სათქმელი — ზალკალიანი ლავროვთან შეხვედრაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ სერგეი ლავროვთან შეხვედრა ქართულმა მხარემ სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვიტა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ „პირველი შესაძლებლობა იქნებოდა, ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი“.

2019 წლის 26 სექტემბერს, — 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველად, — საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია მიმდინარეობს. როგორც შვეიცარიის საგარეო უწყებამაც დაადასტურა, ინიციატორი შვეიცარიის ფედერაცია იყო.

შეხვედრიდან რამდენიმე საათში საქართველოს საგარეო უწყებამ გაავრცელა ზალკალიანის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ ლავროვს „ყველაფერზე“ ელაპარაკა და მსჯელობის ძირითადი თემა „დეოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაცია“ იყო:

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმსჯელეთ ყველაფერზე, მსჯელობის ძირითადი თემა იყო დეოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაცია. ასევე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ბევრი პრობლემური საკითხი, მათ შორის, რაც დაკავშირებულია ჟენევის მოლაპარაკებებთან და იქ საქართველოს პოზიციასთან და საქართველოს პოზიციასთან მიმართებაში რუსეთის დამოკიდებულებასთან“,  — ამბობს პრესსამსახურის გავრცელებულ ვიდეოში ზალკალიანი.

მას არ უთქვამს, რა პასუხები მიიღო ლავროვისგან, ან შეიძლება თუ არა, შემდეგი შეხვედრა ჩატარდეს, თუ კი — როდის და ა.შ.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსულმა მედიამ გაავრცელეს.

“განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები. გაიცვალა მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.


გთავაზობთ ზალკალიანის სრულ განმარტებას:

„მთელი კვირის განმავლობაში ორმხრივი შეხვედრების დროს პარტნიორებთან განვიხილავდით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას. განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის საკითხს, და ცნობილია საზოგადოებისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იყო ძალიან მკაფიო და მკაცრი შეფასებები ამასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ყველა ძირითად აქტორთან, მათ შორის აშშ-თან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან, ასევე გაეროს ხელმძღვანელობასთან, ამ საკითხზე მქონდა სერიოზული დისკუსია, თუ რა დამატებითი საშუალებები და მექანიზმები უნდა ამოქმედდეს იმისთვის, რომ ეს პროცესი იყოს შეჩერებული. 

გუშინ შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან მქონდა შეხვედრა, სადაც იყო ინიცირებული მათი მხრიდან შესაძლებლობა, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის და ამ საკითხებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასთან არის დაკავშირებული და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციასთან, გვემსჯელა შეხვედრაზე, რომელიც ორგანიზებული იქნებოდა შვეიცარიის მისიის და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. 

ამაზე, რა თქმა უნდა, გვქონდა ასევე კონსულტაციები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან. გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგანაც პირველი შესაძლებლობა იქნებოდა, ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი, ანუ ის მდგომარეობა, სიმართლე, რაც არის დაკავშირებული იქ შექმნილ მძიმე მდგომარეობასთან მიმართებაში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმსჯელეთ ყველაფერზე, მსჯელობის ძირითადი თემა იყო დეოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაცია. ასევე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ბევრი პრობლემური საკითხი, მათ შორის, რაც დაკავშირებულია ჟენევის მოლაპარაკებებთან და იქ საქართველოს პოზიციასთან და საქართველოს პოზიციასთან მიმართებაში რუსეთის დამოკიდებულებასთან.

ბუნებრივია, ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ შეხვედრის შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ ჩვენს პარტნიორებს და გავაგრძელებთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სიტუაციის დეესკალიციისკენ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი