ახალი ამბები

მიმისა და ლექტორის Facebook-ზე შეგინებისთვის სტუდენტი სამართალდამრღვევად ცნეს

26 სექტემბერი, 2019 •
მიმისა და ლექტორის Facebook-ზე შეგინებისთვის სტუდენტი სამართალდამრღვევად ცნეს

სოციალურ ქსელ “ფეისბუკის” დახურულ ჯგუფში ლექტორის შეგინებისა და მასზე გამოქვეყნებული ინტერნეტ-მიმის გამო სტუდენტი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ამის მოვლენების გამო ლექტორმა პირადი განცხადების საფუძველზე  ივ. ჯავახიშვლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობა შეწყვიტა.

მიმი თსუ-ის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტმა ბუბა ნაჭყებიამ სტუდენტების დახურულ ჯგუფში გამოაქვეყნა. ფოტოზე, რომელზეც ლექტორი  გიორგი გორაშვილი ბოდიბილდერ ქალთან ერთადაა გამოსახული, ბუბა ნაჭყებიამ დააწერა- “როცა ცოლზე ვერ იძალადებ”. როგორც სტუდენტმა “ნეტგაზეთს” უამბო, დახურულ ჯგუფში აღნიშნულ მიმზე კომენტარიც დაწერა, სადაც გორაშვილის მისამართით შეიგინა.

აღნიშნულის გამო ლექტორმა სტუდენტს სასამართლოში უჩივლა და მის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვდა წვრილმანი ხულიგობის მუხლით, სახდელის დაკისრების გარეშე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა:

“გორაშვილი 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. სახდელი არ დამაკისრა, თუმცა პრეცედენტი შეიქმნა და შემდეგში მსგავსი საქმეები 166-ე მუხლით განიხილება”, – ამბობს სტუდენტი.

მისი თქმით, გეგმავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. ამასთან, ბუბა ნაჭყებია აპირებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართოს, რადგან მისი აზრით, 1983 წელს შექმნილი კოდექსი ინტერნეტ-სამართალს არ ითვალისწინებს:

“საგანგაშო პრეცედენტია ნამდვილად. მსგავსი რამ არც ძიებაში უნდა მიეღო შსს-ს და არც სასამართლოს. განმარტება იყო ძალიან ბანალური. მოსამართლემ ბოლოს ახსენა, რომ იხელმძღვანელა უზენაესის ერთ-ერთი გადაწყვეტილებით, თუმცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში უზენაესის გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობა დარღვევაა. უზენაესი ადმინისტრაციულ საქმეებს არ განიხილავს”, – ამბობს სტუდენტი.

რაც შეეხება ლექტორს, გიორგი გორაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თსუ-ში აკადემიური საქმიანობა შეწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” უნივერსიტეტში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ საკუთარ განცხადებაში გორაშვლმა აღნიშნა, რომ არ სურდა მიმდინარე სასამართლო პროცესს მისი აკადემიური საქმიანობისთვის ხელი შეეშალა და თანამდებობის დატოვება ამ საფუძვლით სურდა. თუმცა თსუ-ში აცხადებენ, რომ გორაშვილი უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ საქმიანობას აგრძელებს როგორც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ:

თსუ-ის ლექტორმა მიმისა და Facebook-ზე გინების გამო სტუდენტს უჩივლა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი