ახალი ამბები

თსუ-ის ლექტორმა მიმისა და Facebook-ზე გინების გამო სტუდენტს უჩივლა

7 აგვისტო, 2019 • 2846
თსუ-ის ლექტორმა მიმისა და Facebook-ზე გინების გამო სტუდენტს უჩივლა

თსუ-ის ლექტორმა მიმისა და Facebook-ზე გინების გამო სტუდენტს უჩივლა. მიმი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტმა სტუდენტების დახურულ ჯგუფში გამოაქვეყნა.

ფოტოზე, რომელზეც ლექტორი  გიორგი გორაშვილი ბოდიბილდერ ქალთან ერთადაა გამოსახული, ბუბა ნაჭყებიამ დააწერა “როცა ცოლზე ვერ იძალადებ”. როგორც სტუდენტმა “ნეტგაზეთს” უამბო, დახურულ ჯგუფში აღნიშნულ მიმზე კომენტარიც დაწერა, სადაც გორაშვილის მისამართით შეიგინა.

ამის შემდეგ დაახლოებით 1 კვირაში სტუდენტს შსს-დან დაუკავშირდნენ:

“პოსტის დადებიდან სადღაც 1 კვირაში მირეკავს ვინმე გამომძიებელი ანი და მეუბნება, რომ დამიბარა სამმართველოში, არ მიხსნის, თუ რატომ. თან მირეკავს ისე, რომ იგებს დედაჩემი და იმავე დღეს ნერვული იშემიით გადამყავს საავადმყოფოში. შესაბამისად, გამოცხადებაც ვერ შევძელი. ორ დღეში მირეკავს ისევ და მეუბნება, რომ აი, მაშინ რომ არ გითხარი, ვინ დაწერა განცხადება, ახლა გეტყვიო – გორაშვილმაო. რა თქმა უნდა, მაგის თავი არ მქონდა, რომ მესაუბრა, და ვუთხარი, ცოტა ხანი ჩამოსვლას ვერ ვახერხებდი და გამოეგზავნა ირიდიულ მისამართზე უწყება” ,- იხსენებს სტუდენტი.

მისი თქმით, დედის საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ საკითხით დაინტერესდა, თუმცა, ვინაიდან უწყება არ მისვლია და კურსელებსაც არ სჯეროდათ, რომ ლექტორი უჩივლებდა, ხუმრობად ჩათვალა:

“რომ გავიგე, რომ მართლა გამომძიებელი მირეკავდა, მივედი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, რასაც ხელი არ მოვაწერე. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვითხოვე მისი ჩაბარება, რათა იურისტთან გამევლო კონსურლტაცია, რაზეც უარი მივიღე. ასევე ვთხოვე განემარტა ხელის არმოწერით დამდგარი სმართლებრივი შედეგები. მოკლედ, ოქმის ჩაბარების მოთხოვნაზე, იურისტისთვის რომ მიმეტანა, მტკიცა უარი. წადი, ისე უთხარი, სიტყვაზე გენდობიანო. მეორე დღეს მირეკავს დაახლოებით ღამის 20:00 საათზე და ხვალ არის პროცესიო” ,- იხსენებს სტუდენტი.

როგორც ბუბა ნაჭყებია ამბობს, ამის შემდეგ ლექტორმა “ფეისბუკზე” მისწერა და უთხრა, რომ ის ვერც სამართალს და ვერც სამართლიანობას ვერასოდეს ისწავლიდა.

სტუდენტის თქმით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო და შემდეგი სასამართლო პროცესი 14 აგვისტოსაა დანიშნული.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხზე თსუ-ის პრესსამსახურს დაუკავშირდა და გიორგი გორაშვილთან დაკავშირება სთხოვა. უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ გორაშვილი რამდენიმე წუთში საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოაქვეყნებს განცხადებას, თუმცა კომენტარი ლექტორს ამ დრომდე (7 აგვისტო, 23:50) არ გაუვრცელებია.

თსუ-ის ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ  ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის, უნივერსიტეტის თითოეულ თანამშრომელს, თუ თვლის, რომ დაირღვა მისი უფლებები, შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ამ საკითხზე აუცილებლად იმსჯელებენ  იურიდიული ფაკულტეტის საბჭო და თსუ-ის ეთიკის კომისია:

“რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სტუდენტმა სოციალურ ქსელში განსაკუთრებულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია ლექტორი, რომელმაც გადაწყვიტა სამართლებრივი გზით რეაგირება და სტუდენტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება სამართლებრივი სანქციების და გადასახადების გარეშე”, – აცხადებენ თსუ-ში.

ლექტორი განმარტავს, რატომ უჩივლა სტუდენტს Facebook პოსტის გამო

მასალების გადაბეჭდვის წესი