მოსამართლე მირანდა ერემაძე ირწმუნება, რომ მან 2009 წელს, პოლიტიკური ზეწოლის გარეშე, მხოლოდ კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე ცნო სამართალდამრღვევად აქტივისტი დაჩი ცაგურია.
მირანდა ერემაძეს ამჟამად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს. ის არის იმ სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად რამდენიმე დღის წინ წარუდგინა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მირანდა ერემაძეს დღეს, 26 სექტემბრის 10 საათიდან უსმენს.
მირანდა ერემაძეს დაჩი ცაგურიას საქმეზე უმრავლესობის წევრმა სოფო კოლაძემ ჰკითხა. კილაძე ასევე დაინტერესდა, რატომ არ გაიზიარა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკა მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებით. დაჩი ცაგურია სწორედ აქციის გამართვისას, 2009 წელს დააკავეს. ის სამართალდამრღვევად ცნეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველის თქმით, დეტალურად არ ახსოვს აღნიშნული საქმე და სხვა საქმეებთან ერთად სურდა ამ საქმის არქივიდან გამოთხოვა, რაც ვერ მოასწრო.
“ერთადერთი, დარწმუნებით ვიტყვი იმას, რომ მე გადაწყვეტილება მივიღე საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე. ასევე ვიტყვი ხაზგასმით, რომ სამართალდარღვევათა კოდექსი ვერ იცავს ადამიანის უფლებებს იმ სტანდარტით, როგორიც უნდა იყოს და ეს კოდექსი ნამდვილად არის შესაცვლელი.
არანაირი ზეწოლა ჩემ მიმართ არ ყოფილა, არც ცაგურიას საქმეზე და არც სხვა საქმესთან დაკავშირებით. ჩემი ყველა გადაწყვეტილება მიღებულია ჩემი შინაგანი რწმენის და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე”, – აღნიშნა ერემაძემ სოფო კილაძის კითხვის პასუხად. დეპუტატი დაინტერესდა, იყო თუ არა 2009 წელს ზეწოლა უშუალოდ მასზე, ან თუ სმენოდა მას სხვა მოსამართლის მიმართ ზეწოლის შესახებ.
მირანდა ერემაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქმის მასალების ხელახალი გადახედვისა და გარემოებების გახსენების გარეშე ვერ იტყვის, რას იზამდა ახლანდელი გადმოსახედიდან დაჩი ცაგურიას საქმეზე, თუმცა ამბობს:
“შესაძლოა, სხვანაირად შევაფასო, ან იგივე გადაწყვეტილება მივიღო”.
რა მოხდა 2009 წელს
ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ანგარიშში, რომელიც სასამართლოს მანკიერ პრაქტიკას ეხება, შესულია მირანდა ერემაძის განხილული არაერთი საქმე, მათ შორის, დაჩი ცაგურიას საქმეებიც.
ამ ანგარიშის მიხედვით, 2009 წლის 9 მარტს მოსამართლე მირანდა ერემაძემ განიხილა სამოქალაქო აქტივისტის, დაჩი ცაგურიას საქმე. დაჩი ცაგურია მონაწილეობდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაში. დადგენილების თანახმად, მან გადაკვეთა გზის სავალი ნაწილი და ავტომობილების მოძრაობა შეაფერხა, ხოლო შემდეგ არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, გადასულიყო გზის სავალი ნაწილიდან და უცენზურო სიტყვები გამოიყენა მათი მისამართით. მოსამართლემ, დაჩი ცაგურია სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობისთვის.
ანგარიშში მოსამართლის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება შემდეგნაირად არის შეფასებული:
- სასამართლო სხდომა ჩატარდა იმავე დღეს, რა დღესაც პოლიციამ შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი, შესაბამისად, პირს (დაჩი ცაგურიას) ფაქტობრივად არ მიეცა სათანადო დრო და შესაძლებლობა მტკიცებულებების შესაგროვებლად და საკუთარი არგუმენტაციის ჩამოსაყალიბებლად.
- პროცესის განმავლობაში დაჩი ცაგურიას მიეცა მხოლოდ 30 წუთი იმისთვის, რომ უზრუნველეყო მისი ინტერესების დამცველის/წარმომადგენლის საქმეში ჩართვა.
- მოსამართლე არ განმარტავს, თუ კონკრეტულად რა მასალებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია სამართალდარღვევის ფაქტი დადასტურებულად. ერთადერთი, რაზეც დადგენილება მიუთითებს, არის საქმეში წარმოდგენილი საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი და შეტყობინება. სხვა მტკიცებულებები არ ჩანს.
- დადგენილებაში ნახსენებია კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლება, თუმცა საქმე რეალურად არ არის განხილული ამ უფლების არსის გათვალისწინებით.
უფრო ვრცლად აღნიშნული ანგარიში, შეგიძლიათ იხილოთ აქ.