ახალი ამბები

“საქართველოს რკინიგზა” მეტროს მემანქანეთა გადამზადებას გამორიცხავს

28 მაისი, 2018 • 3438
“საქართველოს რკინიგზა” მეტროს მემანქანეთა გადამზადებას გამორიცხავს

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის განცხადებით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ მეტროს მემანქანეების გაფიცვის პერიოდში თბილისის სატრანსპორტო კომპანია გეგმავს შტრეიკბეხერების სახით გაფიცული მემანქანეები ჩაანაცვლოს “საქართველოს რკინიგზის” ელმავლის მემანქანეებითა და მათი თანაშემწეებით. ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზაში” არ ადასტურებენ.

პროფკავშირის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, დაუგეგმავ შვებულებას იყენებს და მეტროს მემანქანის პროფესიის გადამზადების კურსს გადის საქართველოს რკინიგზის ელმავლის 7 მემანქანე – ი.ხ, ვ.ს, გ.ს, ვ.ს, თ.ბ და დ.ჯ.

“საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი მემანქანე ,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ წევრი არ არის და მეტიც, ისინი წარმოადგენენ რკინიგზაში მოქმედ მეორე, ადმინისტრაციის მიერ მართულ – ყვითელ პროფკავშირს!

თავის მხრივ, საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მოუწოდებს მის წევრ მემანქანეებს და რკინიგზაში დასაქმებულ სხვა მუშაკებს, არ გახდნენ მშრომელთა ბრძოლის წინააღმდეგ გამოსაყენებელი იარაღი და ნუ მოირგებენ შტრეიკბეხერების მეტად უპასუხისმგებლო და სამარცხვინო როლს.

შეგახსენებთ, 2014 წელს, საქართველოს რკინიგზაზე განხორციელებულ სრულმაშტაბიანი გაფიცვის პერიოდში, ჩვენი მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანისა და სომხეთის მემანქანეებმა დემონსტრაციულად განაცხადეს უარი ჩაენაცვლებიათ კოლეგები და გაფიცვის პერიოდში ემუშავათ საქართველოში, რასაც საბოლოო ჯამში რკინიგზის სრული პარალიზება მოჰყვა და ჩვენი ბრძოლა კონკრეტული შედეგებით დასრულდა,” – ნათქვამია რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის განცხადებაში.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის აქცია

პროფკავშირი მიმართავს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და საქართველოს რკინიგზას, რომ 2017 წლიდან მოყოლებული ადმინისტრაციასთან იმყოფებიან კოლექტიური შრომითი დავის პროცესში (ხელფასების 15%-ით ინდექსაციის მოთხოვნით) და დღეის მდგომარეობით, რკინიგზელებს მოპოვებული აქვთ კანონიერი გაფიცვის უფლება:

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, თუ დაფიქსირდება ჩვენი წევრი, საქართველოს რკინიგზის თანამშრომელთა გამოყენება მეტროს მემანქანეების სამართლიანი ბრძოლის წინააღმდეგ, საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი განიხილავს რკინიგზელების მეტროს მემანქანეთა სოლიდარობის მიზნით გაფიცვის დაწყების შესაძლებლობას.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მემანქანეების დაანონსებული პროტესტის დღემდე დარჩენილი პერიოდი გამოყენებულ იქნას გონივრულად, აწარმოოთ კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები და მიაღწიოთ შეთანხმებას, რათა თავიდან იქნას არიდებული მუშათა გაერთიანებების ფუნდამენტური უფლების – გაფიცვის უფლების გამოყენების შესაძლებლობა და, შესაბამისად, დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის კოლაფსი.”

“საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, დაჩი ცაგურიას განცხადებით, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან შეუძლებელია მეტროს მემანქანე მოამზადონ. მისი თქმით, კომპანიას არც ამის კომპეტენცია გააჩნია და ვერც ლიცენზიას გასცემს.

დაჩი ცაგურია

“რკინიგზაში ფიზიკურად შეუძებელია ეს, რადგან ამის კომპეტენცია ჩვენთან არ არის. ასევე, შეუძლებელია მეტროში მომზადდეს რკინიგზის მემანქანე – არც იქ არის ამის კომპეტენცია. ეს იგივეა, დაახლოებით, მაგალითად, პილოტი ჩვენთან მომზადდეს. რა თქმა უნდა, ორივე მატარებელია, მაგრამ აბსოლუტურად სხვა სპეციფიკაა, სხვა კომპეტენციას და სხვა შესაძლებლობებს მოითხოვს იმისთვის, რომ ეს ასწავლო და ამისთვის მოამზადო,” – განუცხადა ნეტგაზეთს დაჩი ცაგურიამ.

ცაგურია აცხადებს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებამდე საქართველოს რკინიგზას გადასამოწმებლად არავინ დაკავშირებია პროფკავშირებიდან:

“ჩვენ ეს აღარ გვიკვირს უკვე. სამწუხაროდ, ისინი არიან სკანდალებზე ორიენტირებული. თუ aსეთი ეჭვები ჰქონდათ, შეეძლოთ ჩვენთან გადაემოწმებინათ ჯერ. ისევ გეუნბებით, რომ შეუძლებელია. საქართველოს რკინიგზაში ვინმე ამზადებდეს მეტროს მემანქანეს. ცხადია, რკინიგზის მემანქანეს ან ნებისმიერ ადამიანს რომ ჰქონდეს მეტროს მართვის უფლება, ამის უფლებას ჩვენ ვერ მივცემთ და ვერ გავცემთ ლიცენზიას. თუ ვიღაც სადმე სხვაგან ემზადება, არ ვიცი. თქვენც, მეც და სხვასაც გვაქვს უფლება, რომ წავიდეთ და პილოტების კურსი გავიაროთ და ავიღოთ მართვის მოწმობა, მაგრამ ამაში საქართველოს რკინიგზა ვერ დაგვეხმარება.”

ყველა სიახლე მეტროს მემანქანეთა პროტესტზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 მაისს მეტროს თანამშრომელთა პროფესიულ გაერთიანება “ერთობა-2013“-ს განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება.

EMC-ის ცნობით, რომელიც მემანქანეთა ინტერესებს იცავს, სასამართლოს განჩინება ეფუძნება შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებას, რომელიც განმარტავს, რომ კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს სარჩელის შეტანას გაცხადებული გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით. კომპანიის შეფასებით, აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პროფესიულმა გაერთიანებამ უარი თქვა ყველა შესაძლო შემათანხმებელ პროცედურებში ჩართვაზე, რაც მათი შეფასებით წარმოადგენს გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესაძლებლობას.

მიუხედავად თბიილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, თბილისის მეტროს ალტერნატიული პროფკავშირის, “ერთობა 2013”-ის მემანქანეები 3 ივნისს გაფიცვას მაინც აპირებენ.

თბილისის მეტროს მემანქანეებს და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. დავის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი