ახალი ამბებისამართალი

ჩიღვინაძე: რკინიგზაში მამაჩემს უთხრეს, შენი შვილი აქციებზე დადის და დაელაპარაკეო…

24 ივნისი, 2019 • 3799
ჩიღვინაძე: რკინიგზაში მამაჩემს უთხრეს, შენი შვილი აქციებზე დადის და დაელაპარაკეო…

პოეტისა და დრამატურგის, ალექს ჩიღვინაძის განცხადებით, იმის გამო, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებში იღებს მონაწილეობას, საქართველოს რკინიგზაში მამამისს “მეგობრულად ელაპარაკებიან”. ამის შესახებ ალექს ჩიღვინაძე ფეისბუკში წერს.

“მამაჩემი დიდი ხანია რკინიგზაში მუშაობს. დღეს დაუბარებიათ და უთქვამთ, გავიგეთ შენი შვილი აქციებზე დადის და დაელაპარაკე რა, არ უნდაო. მამაჩემს უპასუხია, რომ ზრდასრულია და თავისი აზრი აქვსო. ნუ მაინც გადაეციო, არ უნდაო, თორემო… ჰოდა, აი, გადმომცა. (ნუ გავიგე. არ მეტყოდა თვითონ. სახლში შეატყვეს ეტყობა ნერვიულობა და ჩაეკითხნენ, თორემ ჩვენ თვეში ორჯერ თუ ვნახავთ ერთმანეთს) და ახლა რა მაინტერესებს? ვინ გგონივართ ან როგორ ბედავთ? როგორ გამიბედეთ მე ან ჩემს ოჯახს? ერთი გადაბრუნებული სიტყვა აღარ უთხრათ მამაჩემს, აღარაფერს ვამბობ მის სამუშაო ადგილზე. და დაჩი ცაგურია ფრენდებში არ მყავს და მომიკითხეთ რა, გადაეცით, ერთად ვმდგავართ ბევრ აქციაზე და აი, როგორ მოახერხა, რომ ზუსტად იმ სისტემას ემსახურება, ვისაც ებრძოდა? არ ღირს ეს ყველაფერი თუნდაც მაღალ ხელფასად. რაში ხარჯავთ და გვახარჯინებთ ამ ძვირფასს წუთებს? სად არის თქვენი პრინციპები და ადამიანობა?” – წერს ალექს ჩიღვინაძე.

 

ნეტგაზეთი საპასუხო კომენტარისთვის საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, დაჩი ცაგურიას დაუკავშირდა, რომელმაც გამორიცხა საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო მათი თანამშრომლის შესაძლო დაშინების ფაქტი და პრესსამსახურთან გადაგვამისამართა. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და აუცილებლად გაარკვევენ.

ალექს ჩიღვინაძის ფეისბუკის პოსტს გამოეხმაურა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლი ილია ლეჟავა და აღნიშნა, რომ დასაქმებულის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე უკვე მისცეს შესაბამისი რეაგირება:

“ფაქტის შესახებ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რაც, თავის მხრივ, აისახება მათ ანგარიშში. მზად ვართ იურიდიული დახმარებისთვისაც, თუ, რა თქმა უნდა, დასჭირდება. სხვა რამის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლებელია”.

ილია ლეჟავას თქმით, რკინიგზის თანამშრომლის შესაძლო დაშინების ფაქტზე პროფკავშირი მკაცრ მონიტორინგს განახორციელებს და თუ მათ მის მიმართ სავარაუდო მუქარას აღასრულებენ, სასამართლოს გზით აღადგენენ დასაქმებულის უფლებებს.

მოვლენათა ქრონოლოგია – მოკლედ

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნილ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და ე.წ. ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ. ისინი გიორგი გახარიას გადადგომას და აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ. დემონსტრანტთა ნაწილი აცხადებს, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელონ პოლიტიკოსების გარეშე.

თბილისში მიმდინარე მოვლენები “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა რუსეთის ხელისუფლებამ და საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლას აუქმებს, ასევე, რუსეთის დუმის დეპუტატები მოქალაქეებს ქართული პროდუქციისა და კურორტების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

ავიამიმოსვლა და პუტინი

საქართველოში დაწყებული ანტიპუტუნირუ აქციები რუსეთის ხელისუფლებამ “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

ავიარეისების გაუქმების გამო ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ. მისი თქმით, “პუტინმა გადაწყვიტა ქართველები დასაჯოს, რადგან იქ ქუჩის აქციები იმართება.”

“პუტინმა აკრძალა ავიარეისები საქართველოსთან. ახლა ძალიან ბევრ რუსს არ შეუძლია წავიდეს იქ იაფად და ხარისხიანად დასასვენებლად. კითხვა: რატომ გადაწყვიტა პუტინმა რუსების დასჯა ქართველების პროტესტისთვის?”, – წერს ნავალნი ტვიტერზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი