ახალი ამბები

ქალების სიღარიბე მთავრობის დღის წესრიგში არ დგას – ქალთა მოძრაობის მანიფესტი

1 მაისი, 2019 • 1863
ქალების სიღარიბე მთავრობის დღის წესრიგში არ დგას – ქალთა მოძრაობის მანიფესტი

“ქალთა მოძრაობა” მშრომელთა დღესთან დაკავშირებით მანიფესტს აქვეყნებს. განცხადებაში მოძრაობა ამბობს, რომ საქართველოში არ არსებობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხედვა და პოლიტიკა.

მათი თქმით, არ არსებობს ასევე კანონმდებლობაც, რომელიც მიზნად ისახავს ქალებსა და კაცებს შორის გენდერულად განპირობებული სახელფასო სხვაობის შემცირებას.

ნეტგაზეთი მანიფესტს სახელფასო სხვაობაზე უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს საქართველოში:

· 240 000 ქალი იღებს საარსებო შემწეობას.
· ქალი კაცზე ბევრად ღარიბია.
· კაცის მიერ გამომუშავებულ ყოველ ლარზე ქალს 64 თეთრს უხდიან.
· ქალები დასაქმებულები არიან ყველაზე დაბალანაზღაურებად სექტორებში.
· ყოველი მეხუთე ქალი ოჯახში დიასახლისად ქმრის მოთხოვნის გამო რჩება.
· დიასახლისი სახლში შრომობს საშუალოდ 45 საათს ანაზღაურების გარეშე.
· ქალის შრომა სახლში უხილავი და აუნაზღაურებელია.
· ძალადობის მსხვერპლ ქალებს წასასვლელი არსად აქვთ, უსახსრობისა და უბინაობის გამო ისინი ხშირად მოძალადესთან ბრუნდებიან.
· საფინანსო სექტორში კაცის საშუალო ხელფასი 2 360 ლარით აღემატება ამავე სექტორში ქალის საშუალო ხელფასს.

· ორგანიზაციების მმართველ რგოლში ქალები მხოლოდ 20%-ს შეადგენენ.

დღეს საქართველოში ქალების სიღარიბე ხელისუფლების დღის წესრიგში არ დგას. ქვეყანაში არ არსებობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხედვა და პოლიტიკა. არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს 36% სახელფასო სხვაობის შემცირებას. ინვესტიციები არ იდება მზრუნველობითი სერვისების განვითარებაში, რაც შეამსუბუქებდა ქალის არაანაზღაურებად შრომას სახლში და ხელს შეუწყობდა ქალების დასაქმებას და ეკონომიკურ გააქტიურებას.

საქართველოში სიღარიბის დაძლევის წინაპირობაა ქალების ეკონომიკური გააქტიურება. ქალების ეკონომიკური აქტიურობის გასაზრდელად აუცილებელია შეწყდეს ქალთა დისკრიმინაცია დასაქმების და შრომის ანაზღაურების დროს.

ქალთა მოძრაობა მოუწოდებს ხელისუფლებას:
– შეიმუშაოს და გაატაროს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პოლიტიკა.
– მოიზიდოს ინვესტიციები და განავითაროს მზრუნველობითი სერვისები ქვეყანაში.
– შეიმუშაოს საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარ ანაზღაურებას თანაბარი შრომისათვის.
– შეიმუშაოს მეთოდოლოგია შრომის შესაფასებლად და შესადარებლად და შექმნას თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფის მექანიზმი.
ქალთა მოძრაობა მოუწოდებს კერძო სექტორს:
– საკუთარ კორპორაციაში შეისწავლოს და აღმოფხვრას არათანაბარი ანაზღაურება სქესის ნიშნით,” – ვკითხულობთ “ქალთა მოძრაობის” მანიფესტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი