ახალი ამბები

თბილისის საკრებულო ქუჩაში ხმაურზე რეგულაციებს დააწესებს

9 მარტი, 2015 •
თბილისის საკრებულო  ქუჩაში ხმაურზე რეგულაციებს დააწესებს

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ საკრებულოში გამართულ პრეკოსფერენციაზე განაცხადა, კანონპროექტის შემუშავება  გასართობი და სხვა დაწესებულებებიდან გამომავალი ხმაურის შედეგად მოსახლეობაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის დარეგულირების საჭიროებამ განაპირობა:

 

“თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია ორი თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა საქართველოს “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” კანონპროექტის თაობაზე, რადგან დღეს  მოქმედი კანონმდებლობა არ შეიცავს აღნიშნული საკითხის მარეგულირებელ ნორმას. კანონპროექტი ითვალისწინებს ქმედების ან უმოქმედობის- რაც დაკავშირებულია ხმაურის დადგენილი ნორმების  დარღვევასთან- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევის საკითხს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს და ადმინისტრაციული სახდელის სახეს, ასევე განსაზღვრას უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს, რომელიც მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას და შეუფარდებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომას ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ჩამდენს“,- განაცხადა თედო კობახიძემ.

 

დამტკიცების შემთხვევაში რეგულაციები ძალაში პირველი ოქტომბრიდან შევა და ხმაური დასჯადი გახდება.

 

თბილისის საკრებულოს მიერ მომზადებული რეგულაციების თანახმად, ხმაურის დაშვებული ნორმა დღისით და ღამით განსხვავებული იქნება. შესაბამისად, ჯარიმა 150-300 ლარია ფიზიკური და 500-1000 ლარი იურიდიული პირის შემთხვევაში . ხმაურზე რეაგირება პატრულს დაეკისრება, ხოლო გამოძახება 112 -ის საშუალებით იქნება შესაძლებდლი. 

 

 

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო კობახიძე განმარტავს, რომ ხმაური აღიკვეთება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებთან მიმართებაში:

 

“ანუ დღის საათებში, დილის 7 საათიდან ღამის 11 საათამდე, 40 დეციბალს არ უნდა უნდა აღემატებოდეს ხმაური. ხოლო საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათემდე – 30 დეციბალს. ამაზე შემოვა საჯარიმო სანქციები და ხმაურზე კონტროლს განახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი