ახალი ამბები

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა: აქცია გერმანიის საელჩოსთან

10 სექტემბერი, 2019 •
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა: აქცია გერმანიის საელჩოსთან

თბილისში, გერმანიის საელჩოსთან, რუსეთ-ჩეჩნეთის და 2008 წლის აგვისტოს ომების ვეტერანის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. როგორც “ნეტგაზეთს” აქტივისტმა სულხან ბორძიკაშვილმა განუცხადა, შეკრებილმა მოქალაქეებმა ევროპაში მცხოვრები ვეტერანებისა და მათი ოჯახების დაცვა მოითხოვეს.

“ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანიიდან არ უნდა მოხდეს [ხანგოშვილის მკვლელობაში] დამნაშავის ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში. იყო საუბარი იმაზეც, რომ უნდა გამოიძიონ, ხომ არ არის რაიმე კავშირი თბილისში მომხდარ თავდასხმასა და გერმანიაში მის მკვლელობას შორის”, – აღნიშნა აქტივისტმა.

მისივე ცნობით, აქციაზე შეკრებილებს საელჩოს რამდენიმე წარმომადგენელი შეხვდა და პროცესის ობიექტურად წარმართვას შეჰპირდა.

აქცია გერმანიის საელჩოსთან. ფოტო: სულხან ბორძიკაშვილი აქცია გერმანიის საელჩოსთან. ფოტო: სულხან ბორძიკაშვილი

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიაში, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ერთ-ერთი საველე რაზმის მეთაური იყო. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) თანახმად,  მის მიმართ რუსეთის სპეციალური სამსახურების ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო.

ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით გერმანელმა სამართალდამცავებმა რუსეთის მოქალაქე დააკავეს, თუმცა, როგორც Deutsche Welle წერს, მკვლელობის მოტივს პოლიცია ამ დრომდე სწავლობს. Euronews-ის ცნობით, გერმანელი სამართალდამცავები განიხილავენ ვერსიას, ხომ არ არის მკვლელობა პოლიტიკურად მოტივირებული.

გერმანული მედიის ნაწილი წერს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა დასჯის მიზნით ჩადენილ ქმედებას ჰგავს და სავარაუდოდ, შეკვეთილია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  მკვლელი მეჩეთში მიმავალ ხანგოშვილს ზურგიდან მიუახლოვდა და ორჯერ ესროლა, შემდეგ კი ველოსიპედით გაიქცა. მოგვიანებით სამართალდამცავებმა მდინარეში, სავარაუდოდ, მკვლელობის იარაღი და ველოსიპედი იპოვეს. Tagesspiegel daily წერს, რომ დაკავებულის სახლის ჩხრეკისას დიდი რაოდენობით თანხაა ნაპოვნი.

ხანგოშვილის სახელი 2012 წლის 28–29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციასაც უკავშირდება. კონკრეტულად, ის მაშინ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და ლოპოტის ხეობაში აღნიშნული მოვლენების დროს ახმედ ჩატაევთან ერთად მოლაპარაკებებს აწარმოებდა. 2015 წელს ხანგოშვილი თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან დაჭრეს.

მოსკოვი აცხადებს, რომ კრემლს ან რუსეთის ხელისუფლებას არაფერი აქვს საერთო ხანგოშვილის მკვლელობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი