ახალი ამბები

კრემლი ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს — პესკოვი

28 აგვისტო, 2019 • 1229
კრემლი ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს — პესკოვი

მოსკოვი აცხადებს, რომ კრემლს ან რუსეთის ხელისუფლებას არაფერი აქვს საერთო გერმანიაში ეთნიკურად ჩეჩენ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან.

„კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე კავშირს ოფიციალურ რუსეთსა და ამ ინციდენტს, მკვლელობას შორის“, — განაცხადა 28 აგვისტოს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც გარკვეული პერიოდი საქართველოში, პანკისის ხეობაში ცხოვრობდა, 24 აგვისოტს მოკლეს გერმანიაში.

ის რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ერთ-ერთი საველე რაზმის მეთაური იყო. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) თანახმად,  მის მიმართ რუსეთის სპეციალური სამსახურების ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო.

40 წლის ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით გერმანელმა სამართალდამცავებმა რუსეთის მოქალაქე დააკავეს, თუმცა, როგორც Deutsche Welle წერს, მკვლელობის მოტივს პოლიცია ამ დრომდე სწავლობს. Euronews-ის ცნობით, გერმანელი სამართალდამცავები განიხილავენ ვერსიას, ხომ არ არის მკვლელობა პოლიტიკურად მოტივირებული.

გერმანული მედიის ნაწილი წერს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა დასჯის მიზნით ჩადენილ ქმედებას ჰგავს და სავარაუდოდ, შეკვეთილია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  მკვლელი მეჩეთში მიმავალ ხანგოშვილს ზურგიდან მიუახლოვდა და ორჯერ ესროლა, შემდეგ კი ველოსიპედით გაიქცა. მოგვიანებით სამართალდამცავებმა მდინარეში, სავარაუდოდ, მკვლელობის იარაღი და ველოსიპედი იპოვეს. Tagesspiegel daily წერს, რომ დაკავებულის სახლის ჩხრეკისას დიდი რაოდენობით თანხაა ნაპოვნი.

ხანგოშვილის სახელი 2012 წლის 28–29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციასაც უკავშირდება. კონკრეტულად, ის მაშინ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და ლოპოტის ხეობაში აღნიშნული მოვლენების დროს ახმედ ჩატაევთან ერთად მოლაპარაკებებს აწარმოებდა. 2015 წელს ხანგოშვილი თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან დაჭრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი