გერმანული მედიის ნაწილი წერს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა დასჯის მიზნით ჩადენილ ქმედებას ჰგავს და სავარაუდოდ, შეკვეთილია.
40 წლის ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით გერმანელმა სამართალდამცავებმა რუსეთის მოქალაქე დააკავეს, თუმცა, როგორც Deutsche Welle წერს, მკვლელობის მოტივს პოლიცია ამ დრომდე სწავლობს.
თვითმხილველმა აგილობრივ გაზეთ Berliner Morgenpost-ს უთხრა, რომ მკვლელობა დასჯის მიზნით ჩადენილ ქმედებას ჰგავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მკვლელი მეჩეთში მიმავალ ხანგოშვილს ზურგიდან მიუახლოვდა და ორჯერ ესროლა, შემდეგ კი ველოსიპედით გაიქცა. მოგვიანებით სამართალდამცავებმა მდინარეში, სავარაუდოდ, მკვლელობის იარაღი და ველოსიპედი იპოვეს. Tagesspiegel daily წერს, რომ დაკავებულის სახლის ჩხრეკისას დიდი რაოდენობით თანხაა ნაპოვნი.
ზელიმხან ხანგოშვილი 2001-2005 წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ერთ-ერთი საველე რაზმის მეთაური იყო. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) თანახმად, მის მიმართ რუსეთის სპეციალური სამსახურების ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო.
ხანგოშვილის სახელი 2012 წლის 28–29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციას უკავშირდება. კონკრეტულად, ის მაშინ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და ლოპოტის ხეობაში აღნიშნული მოვლენების დროს ახმედ ჩატაევთან ერთად მოლაპარაკებებს აწარმოებდა. 2015 წელს ხანგოშვილი თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან დაჭრეს.