ახალი ამბები

ქარტია “გურიის მოამბის” რედაქტორთან დაკავშირებული საქმის გამოძიებას ითხოვს

9 სექტემბერი, 2019 • 850
ქარტია “გურიის მოამბის” რედაქტორთან დაკავშირებული საქმის გამოძიებას ითხოვს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს “გურიის მოამბის” ჟურნალისტთან, თეა იოსელიანთან დაკავშირებული შემთხვევა.

იოსელიანი ამბობს, რომ მას სოციალური ქსელში უცნობი პირი შვილების მოკვლით დაემუქრა. ქარტიაში აცხადებენ, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა ქვეყანაში ძლიერი და კრიტიკული მედიასაშუალებების არსებობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. აქედან გამომდინარე, ასეთი შემთხვევები ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.

“ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის და უსაფრთხოების დაცვა ქვეყანაში ძლიერი, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიასაშუალებების არსებობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რაც ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ თითოეული ასეთი შემთხვევა სამართალდამცავების სათანადო ყურადღების მიღმა დარჩება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიძიოს თეა იოსელიანთან დაკავშირებული შემთხვევა, მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის, შედეგების შესახებ და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში დადგეს შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი”,-წერია ქარტიის განცხადებაში.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 151-ე მუხლით არის დაწყებული, რაც მუქარას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი