ახალი ამბები

პოლიციას რომ კვიციანზე რეაგირება ჰქონოდა, მე კიდევ ორჯერ ხელი არ მომხვდებოდა – ზუკა ბერძენიშვილი

8 სექტემბერი, 2019 • 3136
პოლიციას რომ კვიციანზე რეაგირება ჰქონოდა, მე კიდევ ორჯერ ხელი არ მომხვდებოდა – ზუკა ბერძენიშვილი

“სირცხვილიას” აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ზუკა ბერძენიშვილი თქმით, პოლიციას დეპუტატ ემზარ კვიციანის პირველ ძალადობაზე რეაგირება რომ ჰქონოდა, ის ფიზიკური ძალადობის გაგრძელებას ვეღარ მოახერხებდა. ამის ნაცვლად, ბერძენიშვილის თქმით, პოლიციამ კვიციანი რუსთაველზე ასეირნა:

“ემზარ კვიციანს შევხვდით სტვენით რის საპასუხოდაც მან დაიწყო ფიზიკური ანგარიშსორება, გინება, ფურთხება. ხელი გაარტყა რამდენიმე ადამიანს მათ შორის მე. რაც ყველაზე მძიმე იყო, როდესაც მე ერთხელ ხელი დამარტყა, პოლიციას ვთხოვდით დაეკავებინათ, მაგრამ პოლიცია სადღაც რეკავდა, რაღაცებს არკვევდა და უბრალოდ მიაცილებდა ადამიანს, რომელიც ძალადობას განაგრძობდა. პოლიციას, რომ დროული რეაგირება ჰქონოდა, მე კიდევ ორჯერ ხელი არ მომხვდებოდა”, – განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა.

შსს-მ ემზარ კვიციანის ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი