ახალი ამბები

აქტივისტი, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, 2 ათასით დააჯარიმეს

5 აგვისტო, 2022 •
აქტივისტი, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, 2 ათასით დააჯარიმეს

მოძრაობა „სირცხვილიას“ დირექტორი გიორგი მჟავანაძე, რომელიც გლდანი-ნაძალადევის განყოფილების შენობაში პოლიციელებს მასზე ძალადობაში ადანაშაულებდა, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა.

როგორც გიორგი მჟავანაძე ამბობს, პოლიციის განყოფილებაში 15 მაისს დაიბარეს, 17 მაისს კი, როდესაც განყოფილებაში გამოცხადდა, მასზე პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს, რის შემდეგაც „დაუმორჩილებლობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის“ საბაბით დააკავეს.

სასამართლომ დღეს სწორედ აღნიშნულ საქმეზე იმსჯელა და აქტივისტი, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებდა, 2 ათასი ლარით დააჯარიმა. მჟავანაძის თქმით, გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამას ფორმალური ხასიათი აქვს, რათა შეძლონ საქმის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წაღება.

რაც შეეხება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებულ საქმეს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების თაობაზე, „ნეტგაზეთთან“ მჟავანაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სიახლე არ არის.

მანამდე გავრცელებულ განცხადებაში კი სამსახური აღნიშნავდა, რომ მჟავანაძეზე ძალადობა განყოფილების კამერების ხედვის არეალში არ მომხვედრილა.

„სირცხვილიას“ დირექტორი იხსენებს როგორ იძალადეს მასზე პოლიციის განყოფილებაში

მასალების გადაბეჭდვის წესი