ახალი ამბები

“არ ვაპირებთ, შევეგუოთ” – პროტესტი და სამშენებლო ტექნიკაზე შემოდგმული ხე დიღმის პარკში

7 სექტემბერი, 2019 • 2366
“არ ვაპირებთ, შევეგუოთ” – პროტესტი და სამშენებლო ტექნიკაზე შემოდგმული ხე დიღმის პარკში

“ეს ტერიტორია ეკუთვნის დიღმის ტყეს, თუმცა აქ აშენებენ უზარმაზარ რესტორანს, რომელიც ტყეს ამ რესტორნის უკანა ეზოდ და მის დანამატად აქცევს”, – განაცხადა დიღმის პარკში გამართული აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარიამ ვაწაძემ, რომელმაც სამშენებლო ტექნიკაზე ქოთანში ჩარგული ხე განათავსა.

დღეს, 7 სექტემბერს, აქტივისტები და ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ შეიკრიბნენ პარკში დაგეგმილი მშენებლობის გასაპროტესტებლად. აქტივობა ამჯერადაც “საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებმა”, ასევე მოძრაობა “ვინ’მე”-მ დაგეგმეს. პროტესტის ორგანიზებას შეუერთდა პარკის დასაცავად ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი ჯგუფიც, სახელწოდებით “დავიცვათ დიღმის ტყე”.

აქცია დიღმის პარკში. ფოტო: მარიამ ვაწაძე

“მოსახლეობის ორთვიანი პროტესტის მიუხედავად დიღმის ტყის ტერიტორიაზე შეყვანილია სამშენებლო ტექნიკა და დღის ნებისმიერ მონკავეთში შესაძლოა დაიწყონ მავნებლური მშენებლობა.

ამ დროს კი მერია ცალსახად კერძო ინტერესების დაცვას აგრძელებს, ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობის ხმა მოესმინა და გაეთვალისწინებინა.

ამის მიუხედავად ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ დიღმის ტყის მორიგი ელიტური რესტორნის უკანა ეზოდ გადაქცევას”, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

დღევანდელ შეკრებაზე აქტივისტებმა მშენებლობის პროექტის ბანერები გამოფინეს. ასევე, ადგილზე მიიტანეს დიდი ზომის ბანერი, წარწერით “დავიცვათ დიღმის ტყე”. კამპანიაში ჩაბმული ადამიანების აზრით, მშენებლობა ტყის იერსახეს მნიშვნელოვნად შეცვლის და ქალაქში არსებულ ისედაც მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუარესებს.

“ჩვენ აქ სიმბოლურად მოვიტანეთ ხე, რადგან ეს ტერიტორია არის დიღმის ტყის. აქ უნდა დაიშალოს კიას ცენტრის და გაშენდეს ხეები. ამის მაგივრად ჩვენ მივიღეთ ეს ბურღი, რომლითაც უნდა აშენდეს რესტორანი. აქ ხეების ადგილია და არა ბურღების, შენობების და მდიდარი პიროვნებების. მათ აქ არაფერი ესაქმებათ, ეს არის მოსახლეობის და ხეების ადგილი”, – აღნიშნა “ახალგაზრდა მწვანეების” წევრმა, მარიამ ვაწაძემ.

აქცია დიღმის პარკში. ფოტო: მარიამ ვაწაძე აქცია დიღმის პარკში. ფოტო: მარიამ ვაწაძე

შენობას, რომელსაც კომპანია “ანაგი“ აშენებს, “ორანჟერეა“ ჰქვია, სინამდვილეში კი მულტიფუნცქიური ცენტრია და დიღმის ტყე-პარკის საზღვრებთან, ამჟამად არსებული “კია მოტორსის“ ადგილას უნდა აშენდეს. ნებართვა უკვე გაცემულია.

ამ მშენებლობას აქტივისტები და იქ მცხოვრები მოსახლეობა უკვე დიდი ხანია აპროტესტებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ტყის კიდეში აშენებული ცენტრი, რომელიც არაერთ რესტორანსა თუ გასართობ სივრცეს მოიცავს, ადრე თუ გვიან, ტყეს გაანადგურებს.

ნეტგაზეთმა “ანაგსა” და თბილისის მერიას ჰკითხა, ეხებოდა თუ არა ტყე-პარკში კერძო მიწების გამოსყიდვის პროცესი “ორანჟერეის“ შენობასაც, რაზეც უარყოფითი პასუხი მივიღეთ. მერიაში გვითხრეს, რომ გამოსყიდვა უშუალოდ ტყე-პარკის ტერიტორიას შეეხება, “კია მოტორსის“ შენობა კი გზის პირასაა. რაც შეეხება “ანაგს”, კომპანიაში გვითხრეს, რომ “ანაგსა“ და მერიას შორის მიწის გამოსყიდვასთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

“ტყე რესტორნის ეზო გახდება“ – პროტესტი დიღმის ტყე-პარკში მშენებლობის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი