ახალი ამბები

“ახალგაზრდა მწვანეებმა” ბათუმის რივიერაზე მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართეს

20 იანვარი, 2020 •
“ახალგაზრდა მწვანეებმა” ბათუმის რივიერაზე მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართეს

“ახალგაზრდა მწვანეებმა” ბათუმის რივიერაზე 42-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დღეს, 20 იანვარს, თბილისში, იუსტიციის სახლთან გააპროტესტეს. ორგანიზაცია ხელისუფლებისგან მოითხოვს გასაჯაროვდეს ყველა კვლევა და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი:

“რივიერასთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულების სერია გრძელდება და ამ პროცესში ჩართულია ხელისუფლების ყველა შესაბამისი რგოლი. მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ საზოგადოებრივი ინტერესის უგულებელყოფით და სავალდებულო კვლევების გარეშე შეითანხმა განაშენიანების რეგულირების გეგმა, უკვე ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ეკონომიკის სამინისტრომ, საზოგადოება „ბათომის“ თხოვნის მიუხედავად, ფარულად, დაინტერესებული მხარეების გამორიცხვით, საზოგადოების ზურგს უკან მიიღო გადაწყვეტილება”, – განმარტებულია “ახალგაზრდა მწვანეების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება ბათუმის რივიერასთან დაკავშირებით ღია დემონსტირებაა იმისა, რომ ხელისუფლება არსებითად უგულებელყოფს საზოგადოებრივ ინტერესს, როდესაც ყოველგვარი არგუმენტაციისა და სამეცნიერო დასაბუთების გარეშე უჭერს მხარს პროექტს, რომლითაც ბათუმს ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან 59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასულ წელს დაამტკიცა, და “სილქ როუდს” მისცა ბათუმის რივიერაზე მრავალსართულიანი შენობების აშენების უფლება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ აქტივისტები, რომელთა განმარტებითაც, კოშკების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე. გარდა ამისა, აქტივისტების თქმით, აღნიშნული მშენებლობა საფრთხის შემცველია ქალაქის ეკოლოგიისთვის.

ფოტო: ახალგაზრდა მწვანეები

ფოტო: ახალგაზრდა მწვანეები

ფოტო: ახალგაზრდა მწვანეები

https://batumelebi.netgazeti.ge/news/217986/

მასალების გადაბეჭდვის წესი