ახალი ამბები

მერია დიღმის ტყე-პარკში “ორანჟერეის“ ტერიტორიის გამოსყიდვას არ აპირებს

5 ივლისი, 2019 • 2008
მერია დიღმის ტყე-პარკში “ორანჟერეის“ ტერიტორიის გამოსყიდვას არ აპირებს

მერია ამბობს, რომ დიღმის ტყე-პარკში მდებარე კერძო ნაკვეთი ადგილმონაცვლეობის შედეგად დედაქალაქს დაუბრუნდა. კალაძის თქმით, ტყე-პარკში არსებული კერძო მიწის ფართობების ქალაქისთვის დაბრუნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თუმცა მერია იგივეს არ აპირებს მულტიფუნქციურ ცენტრ “ორანჟერეასთან” დაკავშირებით.

შენობას, რომელსაც “ანაგი“ აშენებს, “ორანჟერეა“ ჰქვია, სინამდვილეში კი მულტიფუნცქიური ცენტრია და დიღმის ტყე-პარკის საზღვრებთან, ამჟამად არსებული “კია მოტორსის“ ადგილას უნდა აშენდეს. ამ მშენებლობას აქტივისტები და იქ მცხოვრები მოსახლეობა უკვე დიდი ხანია აპროტესტებს. მათ მიაჩნიათ, რომ ტყის კიდეში აშენებული ცენტრი, რომელიც არაერთ რესტორანსა თუ გასართობ სივრცეს მოიცავს, ადრე თუ გვიან, ტყეს გაანადგურებს.

კალაძემ 3 ივლისს დედაქალაქის მთავრობის სხდომა გამართა, სადაც განაცხადა:

„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ეკოლოგიასა და მწვანე სივრცეების შენარჩუნებასა თუ მოწყობაზე. გვისაუბრია იმაზეც, თუ რამდენი მწვანე სივრცე შეეწირა ქალაქში მშენებლობებს. სამწუხაროდ, ეს ხდებოდა პარკებსა და სკვერებში. ამის ერთ-ერთი მაგალითი კი დიღმის ტყე-პარკია, რომელიც, ფაქტობრივად, მთლიანად იქნა გასხვისებული და დღეისათვის იქ დაახლოებით 80% კერძო საკუთრებაშია. მერად არჩევის შემდეგ მე განვაცხადე, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ გამოგვესყიდა ეს უნიკალური ტყე-პარკი, რადგან ის არის იდეალური მწვანე სივრცე, უამრავი ადამიანი ცხოვრობს გარშემო და მათთვის ეს პარკი ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ 2017 წლიდან დავიწყეთ მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან და ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ამ მოლაპარაკებების შედეგად ქალაქს მიწის ნაკვეთების გარკვეული ნაწილი დავუბრუნეთ. თუმცა კიდევ რჩება მიწის ნაკვეთები, რომელსაც სჭირდება ადგილმონაცვლეობა ან გამოსყიდვა. ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ და იქ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნება დასვენების შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ნეტგაზეთმა ანაგსა და მერიას ჰკითხა, ეხებოდა თუ არა ტყე-პარკში კერძო მიწების გამოსყიდვის პროცესი “ორანჟერეის“ შენობასაც, რაზეც უარყოფითი პასუხი მივიღეთ.

მერიაში გვითხრეს, რომ გამოსყიდვა უშუალოდ ტყე-პარკის ტერიტორიას შეეხება, “კია მოტორსის“ შენობა კი გზის პირასაა. რაც შეეხება ანაგს, კომპანიაში გვითხრეს, რომ “ანაგსა“ და მერიას შორის მიწის გამოსყიდვასთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. მათივე თქმით, მშენებლობის დაწყება ერთ თვეში იგეგმება.

დიღმის ტყე-პარკზე ვრცლად:

“ტყე რესტორნის ეზო გახდება“ – პროტესტი დიღმის ტყე-პარკში მშენებლობის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი