ახალი ამბები

ენმ რაჭის ინციდენტში მონაწილის სანქცირებას არ გეგმავს

6 ივლისი, 2020 • 1546
ენმ რაჭის ინციდენტში მონაწილის სანქცირებას არ გეგმავს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ძალადობის ყველა ფორმა მიუღებელია, თუმცა რაჭის ინციდენტში მონაწილე ოთარ სირაძის მიმართ პარტია დისციპლინური ზომების მიღებას არ აპირებს. მისი განცხადებით, არაერთი გარემოება მიუთითებს, რომ ინციდენტი, რომლის დროსაც ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა სირაძემ “ახალგაზრდა მწვანეების” აქტივისტს სცემა, სწორედ ამ უკანასკნელის მიერ იყო პროვოცირებული.

“ბუნებრივია, ინციდენტთან დაკავშირებით პარტიაში იყო განხილვები. პრაქტიკულად, თავად ოთარ სირაძემაც გააკეთა შესაბამისი განცხადება თავის ფეისბუქ პოსტზე. ნებისმიერი ფორმით ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში ჩაბმა ჩვენთვის მიუღებელია და ეს სამწუხარო ფაქტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს  ფაქტი არ იყო ერთეული შემთხვევა და ოთარ სირაძესთან მიმართებით გამიზნულად ხდებოდა პროვოცირება…:” ,- აცხადებს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ბეჟაშვილის თქმით, სირაძის მიმართ ზომების მიღება არ იგეგმება, თუმცა პარტია უფრო მეტად შეეცდება მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილებას.

“ყველა ფაქტი მიუთითებდა, რომ შეგნებულად ხდებოდა დაპირისპირების პროვოცირება დ, სამწუხაროდ, ეს ფორმა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ წინაპირობები და გარკვეული წანამძღვრები არსებობდა, მაინც მიუღებელია ასეთი ფიზიკური შეხლა-შემოხლა. ბუნებრივია, ამაზე საუბარი იყო და გარკვეული პრევენციული ზომები გატარდა.

თუმცა ამის იქით რაიმე დისციპლინური ან უფრო მძიმე გადაწყვეტილების მიღებას პარტია არ აპირებს. ჩვენ ვხვდებით, რომ “ქართული ოცნება” გვთავაზობს პროვოცირებების, დაპირისპირების რეჟიმში წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას, რაც ჩვენ უნდა ავირიდოთ”, – აღნიშნა მან.

კითხვაზე, რა მოიაზრება “პრევენციულ ზომებში”, ლევან ბეჟაშვილი პასუხობს:

“ის, რომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ასეთ დაპირისპირებებში და პროვოკაციებში არ ჩავებათ და მაქსიმალურად ავარიდოთ თავი… იქნება ეს გასაჯაროება, ვიდეოგადაღება, პრევენციული განცხადებების გაკეთება, სამართალდამცავი ორგანოების წინასწარ ჩართვა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება და ა.შ.”


ინციდენტი 4 ივლისს, ონში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დასრულების შემდეგ მოხდა. ოთარ სირაძე ამტკიცებს, რომ “ახალგაზრდა მწვანეების” აქტივისტები ჯერ ონში აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, შემდეგ კი ამბროლაურში, საკუთარ სახლთან დახვდნენ.

საპირისპიროს ამბობენ “ახალგაზრდა მწვანეები”: ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფით თავად სირაძე გამოირჩეოდა. მათივე თქმით, ამბროლაურში სირაძეს სრულიად შემთხვევით შეხვდნენ, რადგან მათი სასტუმრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრის სახლთან ახლოს მდებარეობდა.

ინციდენტი ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა, რა დროსაც სირაძემ მწვანეების აქტივისტი, ნიკოლოზ ღლონტი სცემა. მომხდარს შსს ხულიგნობის მუხლით იძიებს.

ონში ონის კასკადების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

მასალების გადაბეჭდვის წესი