ახალი ამბები

ოთარ სირაძე რაჭაში მომხდარ ინციდენტს “ახალგაზრდა მწვანეების” პროვოკაციად მიიჩნევს

6 ივლისი, 2020 • 1619
ოთარ სირაძე რაჭაში მომხდარ ინციდენტს “ახალგაზრდა მწვანეების” პროვოკაციად მიიჩნევს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა ოთარ სირაძემ 4 ივლისს, ამბროლაურში ჰესების საწინააღმდეგო აქციის შემდეგ მომხდარ ინციდენტში “ახალგაზრდა მწვანეები” დაადანაშაულა და “სუსის ტიტუშკებად” მოიხსენია ისინი.

მისი თქმით, ფიზიკური დაპირისპირება აქტივისტ ნიკოლოზ ღლონტსა და მას შორის მას შემდეგ მოხდა, რაც “მწვანეებმა” “ნაციონალური მოძრაობა” უცენზურო სიტყვებით მოიხსენიეს, შემდგომ კი სახლთან დახვდნენ.

“როგორც ჩანს, “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა წინასაარჩევნო პერიოდი წარმართოს პროვოკაციების მოწყობის და პოლიტიკურ ოპონენტებთან ფიზიკური დაპირისპირებების ფონზე. გუშინ ონში “ნაციონალური მოძრაობა” შეუერთდა აქციას “არა ონის ჰესების კასკადს!”.

აქციის მიმდინარეობის დროს ინტერვიუს ვაძლევდი “მთის ამბების” ჟურნალისტს, რა დროსაც თბილისიდან ორგანიზებულად ჩამოყვანილმა სუსის “ტიტუშკებმა” შეიგინეს ჩვენი (ნაციონალური მოძრაობის) მისამართით არაერთხელ. პასუხად მე ზრდილობისკენ მოვუწოდე”, – წერს სირაძე პირად ფეისბუკ გვერდზე.

როგორც ენმ-ის წარმომადგენელი ამბობს, “უცნობი პროვოკატორები” მას ამბროლაურში, სახლთან დახვდნენ.

“ამ დროს კამერამომარჯვებულები მომადგნენ სახლთან და დამიწყეს “საქმის გარჩევა”, გინება, რომელიც გადაიზარდა მცირე ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში. მე წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის, აჯობებდა ეს ინცინდენტი არ მომხდარიყო, ვცდილობდი მის არიდებას, მაგრამ მხოლოდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული. ვწუხვარ მომხდარი ფაქტის გამო”, – წერს სირაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

მომხდართან დაკავშირებით სხვა ვერსია აქვთ “ახალგაზრდა მწვანეებს”. მათი თქმით, ინციდენტამდე ონში ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე მოსახლეობამ პოლიტიკური პარტიების, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების გამოჩენა გააპროტესტა და ეს ფაქტი მწვანე აქტივისტებმაც გააკრიტიკეს.

მათი თქმით, აქციის შემდგომ ამბროლაურში შემთხვევით გადააწყდნენ სირაძეს და ინციდენტიც მისი პროვოცირებული იყო.

“აქციის დასრულების შემდგომ ამბროლაურში, ერთ-ერთ ქუჩაზე შემთხვევით შეხვდნენ ოთარ სირაძე და ჩვენი წევრები, რა დროსაც ყოფილმა გუბერნატორმა მანქანიდან მათ უშვერი სიტყვებით მიმართა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ცოტა ხანში, ოთარ სირაძე და მისი ძმა გადმოვიდნენ მანქანიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს წევრს, ნიკოლოზ ღლონტს, რაც დანარჩენებმა ვიდეომასალაზე აღბეჭდეს”, – წერენ “ახალგაზრდა მწვანეები”.

აქტივისტები უარყოფენ ოთარ სირაძის ნათქვამსაც, რომ მომხდარი წინასწარ იყო დაგეგმილი “მწვანეების” მიერ.

“როგორც აღმოჩნდა, სასტუმრო, სადაც ჩვენი წევრები რჩებოდნენ ღამის გასათენებლად, ოთარ სირაძის საცხოვრებლის მეზობლად მდებარეობდა. გარდა ამისა, ერთი და იმავე ადგილმდებარეობიდან თავდამსხმელები და აქციის მონაწილეები წამოვიდნენ ერთსა და იმავე დროს, ერთი მიმართულებით, შეხვედრა კი იყო სრულიად შემთხვევითი”, – წერენ ისინი.

“ახალგაზრდა მწვანეების” თქმით, მცდარია ბრალდებაც, რომლის მიხედვითაც მომხდარი წინასაარჩევნო პროვოკაციას ისახავდა მიზნად. მათი განცხადებით, ყველა პოლიტიკურ პარტიას ემიჯნებიან  და თავადაც უპარტიო პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენენ:

“ეს არის ცალსახად მცდარი ბრალდება, რომელიც არ ეფუძნება არანაირ ფაქტს და მიზნად ისახავს „ახალგაზრდა მწვანეების“ დისკრედიტაციას. მსგავსი დისკრედიტაციის მცდელობები ახალი არ არის ჩვენი ორგანიზაციის მისამართით, ვინაიდან ჩვენი ქმედებები და პრინციპები არ ემთხვევა არცერთი პარტიის (იქნება ეს სახელისუფლებო თუ ოპოზიციური) პოლიტიკურ დღის წესრიგს, ისინი მუდმივად ცდილობენ, „ახალგაზრდა მწვანეების” სიტუაციურად ხან „ქართული ოცნების”, ხანაც „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ ჯგუფად მონიშვნას”.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო და ინციდენტში მონაწილე ორივე მხარე გამოიკითხა.

ამავე თემაზე:

ონში ონის კასკადების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

მასალების გადაბეჭდვის წესი