ახალი ამბები

RMG: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიის საქმიანობას ვერ დააბრკოლებს

2 მარტი, 2015 •
RMG: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიის საქმიანობას ვერ დააბრკოლებს

კომპანია აცხადებს, რომ კომპანიის ამჟამინდელი საქმიანობა კანონიერია და სამთო-მოპოვებითი სამუშაოები გრძელდება 2014 წლის 12 დეკემბრის შესაბამისი ადმინისტრაციული აქტებისა და მოქმედი ლიცენზიის საფუძველზე.

 

RMG -ის განცხადებით,  თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომპანიის პოზიცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება კომპანიას ოფიციალურად ჩაბარდება.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომპანია RMG GOLD განმარტავს, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის ბრძანება და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სამინისტროს დაევალა ადმინისტრაციული აქტის ხელახლა გამოცემა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს არ დააკმაყოფილა კულტურის სამინისტროს სარჩელი და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კულტურის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადდა და კულტურის სამინისტროს დაევალა ახლიდან განეხილა საყდრისის უძველესი მაღროსთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის საკითხი.  

 

სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, ამავდროულად, 2014 წლის 12 დეკემებრს 2013 წლის 5 ივლისის სადავო ბრძანება თავად გააუქმა.

 

საყდრისის მაღარო არის არქეოლოგიური ობიექტი ბოლნისის რაიონში, რომელსაც 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. საყდრისი მაღაროს გარშემო დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანია RMG-მ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ ძეგლი, რომლის მნიშვნელობა გაზვიადებული იყო, მის სალიცენზიო ტერიტორიაზე მდებარეობდა და ოქროს მოპოვებაში ხელს უშლიდა.

 

ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საყდრისი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ ობიექტს. მის მნიშნელობაში ეჭვი შეჰქონდა კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც 2014 წლის 13 მარტს კომპანია MRG-ს საყდრისის ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების წარმოების უფლება მისცა. თუმცა მოგვიანებით, სააგენტოს მიერ მოწვეულმა ექსპერტებმაც დაადასტურეს, რომ საყდრისის მაღარო უძველესია და იქ ოქროს ან სპილენძს მოიპოვებდნენ. ეს საკითხი კი შემდეგ კვლევებს უნდა გაერკვია.

 

ამის მიუხედავად, კომპანია „RMG“-მ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები დაიწყო. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა

 

კომპანიის ქმედების შემდეგ განახლდა აქციებიც საყდრისის მხარდასაჭერად. აქციის მონაწილეები საყდრისში მიწის სამუშაოების შეჩერებასა და კვლევის გაგრძელებას მოითხოვენ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო კი აცხადებს, რომ ობიექტი იმდენად დაზიანებულია, რომ კვლევის გაგრძელება შეუძლებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი