ახალი ამბები

ადამიანებზე შეტევით კი არა, საკუთარ თვალში დირეს ძებნით დავიწყოთ – გოგიჩაიშვილი ღარიბაშვილს

5 სექტემბერი, 2019 • 2165
ადამიანებზე შეტევით კი არა, საკუთარ თვალში დირეს ძებნით დავიწყოთ – გოგიჩაიშვილი ღარიბაშვილს

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვლმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი  გააკრიტიკა “გირჩის” მიმართ დღეს, 5 სექტემბერს, პარლამენტში გაკეთებული განცხადების გამო.

ღარიბაშვილმა “გირჩის” რელიგიური ორგანიზაცია, რომლის საშუალებითაც წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის დაღწევა შეუძლიათ, ძირგამომთხრელ საქმიანობაში დაადანაშაულა და სექტა უწოდა.

[gray_box]ნახეთ ვრცლად: “ძირგამომთხრელი საქმიანობა ქვეყნისთვის ” – ღარიბაშვილი გირჩის “ბიბლიურ თავისუფლებაზე”[/gray_box]

გოგიჩაიშვილმა ღარიბაშავილს უთხრა- “ადამიანების დემონიზებას თავი დავანებოთ”:

გამოსვლა დაიწყეთ ადამიანების კონკრეტულ ჯგუფზე შეტევით. ის კი არ არის პრობლემა, რომ ადამიანები საკანონმდებლო ხარვეზს პოულობენ და სარგებელს ნახულობენ, ეს არის უხერხემლობის ბრალი. ეს ხარვეზი რომ არ აღმოიფხვრა, “გირჩის” ბრალი კი არ არის, არამედ უმრავლესობის.

თქვით კონკრეტული თარიღი, როდის შემოხვალთ პარლამენტში შესაბამისი წინადადებით, ეს იქნება თქვენი ინიციატივა თუ თავდაცვის კომიტეტში არსებული კანონპროექტის რეალიზებას დაიწყებს თავად კომიტეტი [სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმაზე]. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.. ადამიანებზე შეტევით კი არ უნდა დავიწყოთ, არამედ ჯერ საკუთარ თვალში დირეს ძებნით და იმ პრობლემით უნდა დავიწყოთ, რომელიც საკუთარი თავიდან გამომდინარე წარმოიქმნა, და ამით თუ ვინმე ისარგებლებს, ეს სხვისი ბრალი კი არ არის, არამედ იმის ბრალია, ვინც ამას ხედავდა და არ გამოასწორა

ამიტომ, სხვა ადამიანებზე შეტავს სჯობს დავიწყოთ საკუთარი თავის კრიტიკით და თუ გენბავთ, ამაში მეც მომიხსენიეთ იმიტომ, რომ ალბათ თავის დროზე არ გავაკეთე მეტი, რომ ეს ამბავი გამოსწორებულიყო. ეს უფრო კორექტული იქნება და უფრო მეტად შეუწყობს ხელს პროცესებს პოლიტიკურ ველში და სტაბილურობას. 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობიანად, ამ ქვეყანაში არ გვინდა აგრესია და ძალადობა იმიტომ, რომ არ ვარ დარწმუნებული, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სერიოზული პოლიტიკური კრიზისის მართვა?!  ამიტომ, მირჩევნია არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ და ადამიანების დემონიზებას თავი დავანებოთ მაშინ, როცა მთავარი პრობლემა საკუთარი თავიდან მომდინარეობს”, – თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატის საპასუხოდ თქვა, რომ არ იზიარებს პასუხისმგებლობას ამ მიმართულებით. პირიქით, თავად გოგიჩაიშვილის პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დაახლოებით 8 თვის წინ დატოვა.

“ბოლო სამ წელიწადში ხელისუფლების საქმიანობაში არანაირიად არ მიმიღია მონაწილეობა. შესაბამისად, იმაზე, რაც ბოლო სამ წელიწადში მოხდა, აბსოლუტურად არ ვიღებ პასუხისმგებლობას, რაც გააკეთეთ, ან არ გააკეთეთ თქვენი უმოქმედობით.

2016 წელს ჩემთვის იყო აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი, როგორ ყოფილი შს მინისტრისთვის, ამ სექტის [“გირჩი”] მიერ პირდაპირ ეთერში მარიხუანის კულტივაცია და დარგვა. უკაცრავად და, კანონი თავზე დაგვახიეს. მე არ მახსენდება არც თქვენგან და არც არავისგან საჯარო გამოსვლები. სამი წლის შემდეგ რომ საუბრობთ ახლა, დიდი ბოდიში, მაგრამ დაგვიანებულია. თქვენმა ასეთმა უმოქმედობამ განაპირობა, რომ დღეს “გირჩი” ბედავს. ამიტომ უხერხულია თქვენგან ამაზე საუბარი. თუმცა არ არის დაგვიანებული და შეგვიძლია ჩაერთოთ და ერთად ვიმუშაოთ ამ საკითხების მოგვარებაზე”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან გოგიჩაიშვილს არ გასცა სრული პასუხი, თუ რატომ დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი რამდენიმე წლის წინ:

“ჩემს გამოსვლაში ავხსენი, რატომ გადავდექი. ამის იქით დამატებით მიზეზებზე საუბარი სწორად არ მიმაჩნია. იმ დროს ასე ჩავთვალე საჭიროდ, ასეთი შეთანხმება მოხდა კოალიციაში, გუნდის შიგნით. წავედი და უბრალოდ დავისვენე.”


ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, 2012 წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჯერ გახდა პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან”, შემდეგ კი, 2012 წლის ოქტომბერშივე დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, 2013 წლის ნოემბერში კი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა.

ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრად 2015 წლის 30 დეკემბრამდე იმუშავა და ის გიორგი კვირიკაშვილმა ჩაანაცვლა. ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკაში 2019 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა და მმართველ პარტიაში პოლიტიკური მდივნის პოსტი დაიკავა.

3 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ის მთავრობის ახალ შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგინეს. პარლამენტში 4 სექტემბრიდან იმართება მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა, მისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით კენჭისყრა კი 8 სექტემბერს არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი