ახალი ამბები

“ძირგამომთხრელი საქმიანობა ქვეყნისთვის ” – ღარიბაშვილი გირჩის “ბიბლიურ თავისუფლებაზე”

5 სექტემბერი, 2019 • 2899
“ძირგამომთხრელი საქმიანობა ქვეყნისთვის ” – ღარიბაშვილი გირჩის “ბიბლიურ თავისუფლებაზე”

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნისათვის ძირგამომთხრელ საქმიანობას უწოდებს გირჩის წევრების ინიციატივით დაფუძნებულ “ბიბლიურ თავისუფლებას”, რომელიც წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან გათავისუფლების საშუალებას აძლევს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე.

“ჩემთვის ეს, თუნდაც გარედან მაყურებლისთვის, იყო ძალიან მტკივნეული პროცესი. ის, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა, ვიტყოდი, რომ პირდაპირი კატასტროფა და ტრაგედია იყო ჩვენი ერის. მე ვგულისხმობ ჩვენი ოპონენტების, ნაცმოძრაობის და მათთან აფილირებული წევრების, ე.წ. გირჩის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც პირდაპირი დეგრადაცია ხდება… მცდელობა, ჩვენი საზოგადოების ჩვენი მომავალი თაობის… რაც ყოვლად დაუშვებელია. მე არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ჯარის ძლიერებას. ეს არის ჩვენი სახელმწიფოსთვის პირდაპირ ძირგამომთხრელი საქმიანობა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ მისთვის ამ საკითხის “დარეგულირება ერთ-ერთი პირველი  ამოცანა და საზრუნავი იქნება”.

“ამაზე მჯერა, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავებ”, – მიმართა ღარიბაშვილმა დეპუტატებს.

“სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა დავაორგანიზოთ იმ ფორმით, როგორიც აპრობირებულია ცივილიზებულ სამსახურში, გავითვალისწინებთ ბალტიისპირეთის გამოცდილებას”, – თქვა მან.

ღარიბაშვილის განცხადებით, მას შვეიცარიის და ისრაელის გამოცდილებაც მოსწონს.

მასალების გადაბეჭდვის წესი