წულუკიანი პრეზიდენტს პოლიციელის მკვლელის შეწყალებისთვის აკრიტიკებს

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებული რამაზ დევაძის შეწყალებისთვის აკრიტიკებს.

“უკეთესი იქნება, რომ როდესაც სახეზეა პოლიციელის, ჯარისკაცის, ესკორტის ოფიცრის და ისეთი ადამიანის მკვლელობა, რომელიც არის სახელმწიფოს სახე და სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელზეც დგას სახელმწიფო, ასეთი ადამიანების სიცოცხლის ხელყოფისთვის ციხეში მყოფი ადამიანის შეწყალება არ მომხდეს ხოლმე, მე ამას ვისურვებდი. ყოველ შემთხვევაში, ღიად შემძლია ვთქვა, რომ მარიამობის შეწყალების კანდიდატები პენიტენციურ სამსახურთან და იუსტიციის საამინისტროსთან შეთანხმებული არ ყოფილა”, – თქვა წულუკიანმა დღეს, 4 სექტემბერს.

პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის ერთ-ერთი რამაზ დევაძეა. იგი ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

საუბარია 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში, ღამის კლუბ „ლეგასში“ 22 წლის პოლიციელის მკვლელობაზე. მკვლელობის ღამეს პოლიციელი კლუბში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა მას თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, თარაშ მუკბანიანს კონფლიქტი მოუვიდა რამაზ დევაძესა და მის თანხმლებ პირთან, რა დროსაც მას წაართვეს იარაღი. პოლიციელი სწორედ ამ იარაღიდან გასროლით დაიღუპა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.