საქართველოს პარლამენტმა დღეს, 3 სექტემბერს, უმრავლესობის დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამის საფუძველი კი თავად ქუცნაშვილის მიმართვა გახდა.
ზაქარია ქუცნაშვილი დაკავშირებულია საქართველოს პარლამენტში რუსული დელეგაციის ვიზიტთან, რომლებიც 2019 წლის ივნისში მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში. ასამბლეას რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსულ ენაზე უძღვებოდა, ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა.
როგორც გაირკვა, ასამბლეის ამ ფორმატში ჩატარებასა და რუსული დელეგაციის ვიზიტის თაობაზე ინფორმირებული იყო როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ასევე დეპუტატი ქუცნაშვილიც.
ზაქარია ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელიც იყო.
როგორც ქუცნაშვილმა ივნისში განაცხადა, ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შემდეგ, არ იქნებოდა სწორი, მან პოზიცია შეინარჩუნოს. ქუცნაშვილის თქმით, პარლამენტში რამე თანამდებობა არ აქვს, გარდა დეპუტატის მანდატისა, და მზადაა, ეს მანდატი დატოვოს. ქუცნაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე რომც არ გადამდგარიყო, ის მზად იყო, მანდატი დაეტოვებინა. ქუცნაშვილი პასუხისმგებლობას იღებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ორგანიზების ხარვეზებზე, თუმცა არა აქციის დაშლაზე, რაც ქუცნაშვილის შეფასებით, ოპოზიციის ქმედებებმა გამოიწვია.
ამასთან, ქუცნაშვილი პარტია “ქართული ოცნების” წევრად რჩება.
გავრილოვის ვიზიტი მრავალათასიან მიტინგზე გააპროტესტეს მოქალაქეებმა. საპროტესტო აქცია გვიან ღამით პოლიციამ დაშალა ცრემლსადენი გაზით, ასევე პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიებიც, რის შედეგადაც ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, დაშავდა 240 ადამიანი.