საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მოიგო სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ორგანიზაცია სტრასბურგში 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს დაზარალებული 26 მოქალაქის ინტერესებს იცავდა. მათ შორის არიან როგორც აქციის რიგითი მონაწილეები, ისე მედიის წარმომადგენლები.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება დღეს, 11 დეკემბერს გამოაცხადა. დავის ძირითად ნაწილში – წამება და არაადამიანური მოპყრობა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევა – მოსამართლეებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.
“დიდი პალატის გადაწყვეტილებით, ცალკეული პირების ძალადობრივი ქმედებები ვერ გახდის დემონსტრაციას ძალადობრივს და ვერ წაართმევს პროტესტის მონაწილე პირებს შეკრების თავისუფლების უფლებით სარგებლობას”, – აცხადებენ საია-ში.
გარდა ამისა, სასამართლომ არ მიიღო საქართველოს მთავრობის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქმეზე შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები ამოწურული არ იყო – ამ საფუძვლით “ქართული ოცნება” ამტკიცებდა, რომ საერთაშორისო სასამართლოს საქმე განსახილველად არ უნდა მიეღო.
სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს დაევალა მომჩივნებისთვის კომპენსაციის გადახდა შემდეგი ოდენობით:
მატერიალური ზიანისთვის –
- დავით ქურდოვანიძეს – 85 000 ევრო;
- მაკო გომურს – 75 000 ევრო;
- გიორგი სულაშვილს – 75 000 ევრო;
- ლექსო ჩანქსელიანს – 85 000 ევრო;
მორალური ზიანისთვის –
- დავით ქურდოვანიძეს, მაკო გომურს, გიორგი სულაშვილსა და ლექსო ჩანქსელიანს – 30 000 ევრო თითოეულს;
- ვახტანგ ბერიკაშვილს – 21 000 ევრო;
- მერაბ ცაავა და ბესლან კმუზოვი – 20 000 ევრო;
- ირაკლი გიორგაძეს და ირაკლი ჩიკვილაძეს – 14 000 ევრო;
- ზაზა სვანიძეს, თამარ ბაღაშვილს, გურამ მურადოვსა და ნიკოლოზ შარვაშიძეს – 10 000 ევრო თითოეულს;
- დიმიტრი ფოჩხიძესა და ირაკლი ხვადაგიანს – 9 000 ევრო თითოეულს;
- დავით შეყილაძესაა და თეიმურაზ დიდბერაშვილს – 7 ათასი ევრო თითოეულს;
- გვანცა ნემსაძეს, ანა ვახტანგაძეს, ნინო ხოზრევანიძეს, გურამ გრიგალაშვილს, თორნიკე კოშკაძეს, გიორგი ჭუმბურიძეს, გელა ბოჩიკაშვილს, ეკატერინე აბაშიძეს და გიორგი დიასამიძეს – 5 000 ევრო თითოეულს.
სტრასბურგის სასამართლომ 20-21 ივნისის საქმეზე პირველი განაჩენი 024 წლის 7 მაისს გამოაცხადა. სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების პროცედურული დარღვევა დაადგინა და მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს, ჯამში, 153 600 ევროს გადახდა დააკისრა. თუმცა სასამართლომ არ დაადგინა კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლებით გარანტირებულ უფლებათა მატერიალური ნაწილების დარღვევა. პირველ აგვისტოს საია-მ სასამართლოს საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის თხოვნით მიმართა.
2019 წლის 20 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოსვლას აპროტესტებდნენ.
პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი.








