ახალი ამბები

“სირცხვილია!” – გავრილოვის პარლამენტში მისვლას აქციით გააპროტესტებენ

20 ივნისი, 2019 • 1806
“სირცხვილია!” – გავრილოვის პარლამენტში მისვლას აქციით გააპროტესტებენ

საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, მისვლას აქციით შეეწინააღმდეგებიან. ორგანიზატორები 11:30-დან რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ელიან ყველას, ვისაც ამ ფაქტის გაპროტესტება სურს.

“რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში სხდომას უძღვება. საჭიროა დროული და დაუყოვნებლივი წნეხი. ვაიძულოთ, რომ შეწყვიტონ და მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

ამიტომ, გამოდი პარალამენტთან დღეს, 11:30-დან ნებისმიერ დროსა და წამს!” – წერენ ისინი.

რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია თბილისში 19-22 ივნისს იმართება.

გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.

დელეგაციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან მოსახლეობა საპროტესტო აქციით დახვდა.

რუსი დეპუტატები თბილისში დაგეგმილ ასამბლეაზე და ოპოზიციის ბოიკოტი

მასალების გადაბეჭდვის წესი