თავდაცვის მინისტრად ღარიბაშვილი ინიშნება, შს მინისტრად – გომელაური

პრემიერის კანდიდატად დასახელებულმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ მის მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს სუს-ის მოქმედი უფროსი ვახტანგ გომელაური, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ირაკლი ღარიბაშვილი.

რაც შეეხება თავდაცვის მოქმედ მინისტრ ლევან იზორიას, ის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი გახდება.

ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, 2012 წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჯერ გახდა პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან”, შემდეგ კი, 2012 წლის ოქტომბერშივე დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, 2013 წლის ნოემბერში კი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩაანაცვლა ბიძინა ივანიშვილი.

ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრად 2015 წლის 30 დეკემბრამდე იმუშავა და გიორგი კვირიკაშვილმა ჩაანაცვლა.

ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მისი საქმიანობა წარმატებულად შეაფასა:

“ირაკლიც საკმაოდ გაიზარდა და მე ვიტყოდი, რომ ის წავიდა თავისი წარმატების პიკზე. თავისი წარმატებების ზენიტში დატოვა მან ხელისუფლება, ისევე როგორც მე.”

გარდა ამისა, ივანიშვილმა აღიარა, რომ ღარიბაშვილმა მაშინ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებისას იჩქარა და გუნდის ყველა წევრი არ იყო ინფორმირებული მისი წასვლის შესახებ.

“დატოვა მხოლოდ იმისთვის, რომ დაეტოვებინა. დღესაც მკითხაობენ ძალიან ბევრნი და ვერ გაუგიათ მიზეზი, რატომ წავიდა. სწორედ ეს იყო მიზეზიც და მიზანიც მისი წასვლის”, – ამბობდა ბიძინა ივანიშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკაში 2019 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა და მმართველ პარტიაში პოლიტიკური მდივნის პოსტი დაიკავა.

რაც შეეხება ვახტანგ გომელაურს, ის წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო, 2013-2014 წლებში შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის მოადგილედ მუშაობდა, შს მინისტრად კი 2015 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში იყო დაწინაურებული, მას შემდეგ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.