ახალი ამბები

ივანიშვილი ღარიბაშვილის გადადგომაზე: რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები

30 დეკემბერი, 2015 • 5338
ივანიშვილი ღარიბაშვილის გადადგომაზე: რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის საკითხზე მას და ღარიბაშვილს ჰქონდათ კონსულტაციები. ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია  GDS-ის გადაცემა ”20 30”-ში ისაუბრა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან თავისი წარმატებების პიკზე მყოფი წავიდა. ივანიშვილის შეფასებით, ღარიბაშვილი ძალიან წარმატებულად მოღვაწეობდა ორი წლის განმავლობაში:

”მე ვერ ვხედავ და არ ვიცი პრობლემები, რომლებსაც ირაკლიმ თავი ვერ გაართვა. გავიხსენოთ, როგორი გუნდი მოვედით ჩვენ. ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი პრემიერობის დასაწყისშივე გახლდათ შინაგან საქმეთა მინისტრი. გავიხსენოთ კიდევ ერთხელ ის რეალობა, რომელიც მივიღეთ. საკმაოდ მძიმე სამინისტრო მიიღო ირაკლიმ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებით გაართვა თავი ერთი წლის განმავლობაში. როგორი პრემიერი იყო, თუ მოკლედ ვიტყვით, კარგი პრემიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. პროცესში, როგორც მე და სხვა დანარჩენი გუნდის წევრები, რომლებსაც არ ჰქონდათ გუნდური გამოცდილება, გავიზარდეთ. ირაკლიც საკმაოდ გაიზარდა და მე ვიტყოდი, რომ ის წავიდა თავისი წარმატების პიკზე. თავისი წარმატებების ზენიტში დატოვა მან ხელისუფლება, ისევე როგორც მე. როგორც პოლიტიკოსმა, მოვახერხე ის, რაც მოვახერხე ჩვენს გუნდთან ერთად და ბევრი რამ გავაკეთეთ. ასევე, ირაკლი ღარიბაშვილმა იმოღვაწევა ძალიან წარმატებულად. მან შეაჯამა 3 წლის შედეგები და მე არ გავიმეორებ იმ ციფრებს და მიღწევებს, რომელიც გუნდმა მიაღწია ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. თუ გავაანალიზებთ, როგორი სიტუაცია იყო საქართველოში და რაც გააკეთა 2 წლის განმავლობაში მთავრობამ მისი ხელმძღვანელობით, ძალიან კარგი შეფასებები შეიძება მივცეთ. ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა წარმატებული პრემიერი. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.”

როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადადგომამდე მასთან გაიარა კონსულტაციები:

”რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა გარკვეული კონსულტაციები. რაც შეეხება გუნდს, გუნდის ძალიან ბევრი წევრი იყო დაბნეული, რამეთუ არ იყვნენ ინფორმირებულნი. მე და ირაკლის გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა ერთნაირი შეხედულებები. დროსთან დაკავშირებით ვიყავით განსხვავებულნი. ირაკლიმ იჩქარა ბოლო დროს. შეიძლებოდა, ეს უფრო გვიანაც მომხდარიყო. შესაბამისად, ვერ მოხდა ინფორმირება გუნდის ყველა წევრის. რაც შეეხება ჩემს პოზიციას და ჩემთან კონსულტაციებს, ზოგადად კონსულტაციებს, ვისთანაც ჰქონდა ირაკლის და ცდილობენ ოპენონტები, ეს მე მომაწერონ ძირითადად, რა თქმა უნდა, ეს ასე არაა. ადრეც, ახლაც და მომავალშიც, ვფიქრობ, რომ მე და ირაკლის ძალიან ბევრი საერთო გვექნება ცხოვრებაში – პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური. რჩევები რჩევებად რჩებოდა ძალიან ბევრი. გადაწყვეტილება მიიღო ირაკლი ღარიბაშვილმა. ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რჩევები და კონსულტაციები ძალიან ბევრ თემებზე გვქონია ჩვენ და ირაკლი აკეთებდა საბოლოოდ ისე, როგორც მას სურდა. არავითარი ბერკეტი და მექანიზმი მე არ გამაჩნდა იმისა, რომ მეიძულებინა და არაფერი აქ არ ყოფილა ისეთი, რომ რაიმე ზედმეტი ჩარევა ჩემი მხრიდან. მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ მისი გადაწყვეტილებით. საჯაროდ მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო იმისათვის, რაც ჩვენი პოლიტიკაში მოსვლის პირველი დღიდან მან გააკეთა პირადად ჩემთან დაკავშირებით და მთელ გუნდისადმი. გულწრფელად, რომ იტყვიან ”დაიხარჯე ბოლომდე”, იმოღვაწევა და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წარმატების ზენიტში მოახერხა და დატოვა ხელისუფლება. დატოვა მხოლოდ იმისთვის, რომ დაეტოვებინა. დღესაც მკითხაობენ ძალიან ბევრნი და ვერ გაუგიათ მიზეზი, რატომ წავიდა. სწორედ ეს იყო მიზეზიც და მიზანიც მისი წასვლის.”

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 23 დეკემბერს გადადგა. ეს თანამდებობა მან 2013 წლის ნოემბერში დაიკავა და ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა, რომლის ფონდ “ქართუში” ღარიბაშვილმა არაერთი წელიწადი იმუშავა ხელმძღვანელ პოზიციაზე.   ღარიბაშვილმა უმრავლესობას მის შემცვლელად გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა, რომელიც  მის მთავრობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი. მანამდე კვირიკაშვილი ივანიშვილის ბანკ ქართუს ხელმძღვანელობდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი