პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა. მიმდინარე დღეებში გავრცელებული ცნობები სამთავრობო ცვლილებების შესახებ ოფიციალურად დადასტურდა.
რა მოხდება ახლა, რა სახის პროცედურები უნდა გაიარონ მმართველმა პარტიამ/პარლამენტმა და როგორ განვითარდება მოვლენები იმ შემთხვევაში, თუ პირველ ჯერზე უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ პრემიერობის კანდიდატს საკანონმდებლო ორგანო არ დაამტკიცებს?
ზემოაღნიშნულ პროცედურებს სოციალურ ქსელში იურისტი გიორგი ჩიტიძე ხსნის:
1. პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე.
2. მთავრობა აგრძელებს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.
3. 2 კვირის ვადაში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წამოაყენებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია, ანუ ქართული ოცნება, ხოლო თავის მხრივ, პრემიერი წარადგენს მინისტრთა კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას. მთავრობას ნდობის მისაღებად სჭირდება 76 ხმა. შესაბამისად, ყველაზე გვიან, ახალი მთავრობა გვეყოლება 16 სექტემბერს.
4. იმ შემთხვევაში, თუ 76 ხმა ვერ მოგროვდა მთავრობისადმი ნდობის გამოსაცხადებლად, კიდევ 2 კვირა აქვს პარლამენტს, რომ სულ ცოტა პარლამენტის სრული შემადგენლობის მესამედის (50 დეპუტატი) მიერ წამოყენებულ პრემიერს და მთავრობას კენჭი უყაროს. ჩვენს შემთხვევაში, თუ არ ვცდები, ოპოზიციას 50 დეპუტატი არ ჰყავს და რომც ჰყავდეს, 76 ხმის დაგროვება დასჭირდება, ხოლო ამდენი მაინც არ არიან არცერთი დათვლით.
5. თუ პარლამენტის მესამედის წარდგენილი (თუ წარდგენა მოხერხდა საერთოდ) პრემიერი და მთავრობაც ჩავარდა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ამ შემთხვევაში, არჩევნები ჩატარდება შერეული მოდელით: 73 მაჟორიტარი, 77 პროპორციული სიით გასული დეპუტატი.
მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრობის პოსტის დატოვების შესახებ დღეს, 2 სექტემბერს, სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც მან შემდგომ, თოქ-შოუების წამყვანებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, გაზაფხულის ბოლოს ჰქონდა საუბარი.
სავარაუდოდ, 3 სექტემბერს დაზუსტდება პრემიერობის კანდიდატის ვინაობა. სანამ ბახტაძე გადადგებოდა, ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“(IPN) საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ მას შეცვლის შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ამ პოსტზე კი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ძველი სახე, ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.