ახალი ამბები

TOP 8 ინიციატივა მამუკა ბახტაძის პრემიერობისას

2 სექტემბერი, 2019 • 2079
TOP 8 ინიციატივა მამუკა ბახტაძის პრემიერობისას

მამუკა ბახტაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს. სავარაუდოდ, 3 სექტემბერს დაზუსტდება პრემიერობის კანდიდატის ვინაობა. ახალი პრემიერის მოლოდინში „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ, გადაავლოთ თვალი იმ მნიშვნელოვან და სხვა მხრივ დასამახსოვრებელ ინიციატივებსა და ცვლილებებს, რაც მამუკა ბახტაძის პრემიერობას უკავშირდება

ვალების ჩამოწერა

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ბახტაძემ თქვა, რომ საქართველოს 600 000-მდე მოქალაქეს, რომლებიც ბანკების ვალების გამო „შავ სიაში“ იყვნენ, ვალებს ჩამოაწერდა.

ამ ინიციატივას დადებითად შეხვდა მოსახლეობის ნაწილი, თუმცა მას თან ახლდა ბრალდებები ოპოზიციისა და არასამთავრობო/სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით. ამ განწყობებს აძლიერებდა ისიც, რომ ამ პროცესის დაწყება „ქართული ოცნებისთვის“ კრიტიკულ პერიოდში, არჩევნების დროს, დააანონსეს და მასში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკი“ მონაწილეობდა.

საბანკო რეგულაციები

მამუკა ბახტაძე პრემიერად მოსვლამდე ფინანსთა მინისტრი იყო და იმ დროიდანვე გამოირჩეოდა კომერციული ბანკების კრიტიკით. უკვე პრემიერობისას კი შემოიტანა რეგულაციები, რითაც მომხმარებლების გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხის გაცემა შეიზღუდა.

ამ ცვლილებით ბანკებს აეკრძალათ, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზის გარეშე გაეცათ სესხი შესაძენი ბინის შეფასებული ღირებულების 50%-ზე მეტი ოდენობით. ანუ ის პირები, რომლებსაც ოფიციალური შემოსავალი არ აქვთ, შესაძენი ბინისთვის თანხას სრულად ვეღარ იღებენ. ამ მეთოდით დაიწყო ბახტაძემ ის, რასაც ჭარბვალიანობასთან ბრძოლას უწოდებდა.

სხვა ინიციატივების მსგავსად, არც ამას ჩაუვლია კრიტიკის გარეშე: მოწინააღმდეგეების თანახმად, მოსახლეობის ნაწილს სესხის აღება გაურთულდა, შემცირდა განვადებები, შესაბამისად, გაყიდვები, რაც ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად აისახება…

წამლები ერთ ლარად

სულ რამდენიმე კვირის წინ ბახტაძემ გამოაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი, სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანები, პენსიონერები და სხვა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები 35 დასახელების მედიკამენტის ყიდვას 1 ლარად შეძლებდნენ.

ამ ინიციატივასც თან სდევდა კრიტიკა იმის გამო, რომ ეს 35 დასახელების მედიკამენტი საპენსიო ასაკის ადამიანებისთვის საჭირო წამლების ნაწილს არ ითვალისწინებს; ასევე, იმ არგუმენტით, რომ პროცესი, რაც ამ წამლების მისაღებად უნდა გაიარონ ადამიანებმა, ბიუროკრატიულია, ხანგრძილივი და დამღლელი.

„მცირე მთავრობა“

სამთავრობო რესტრუქტურიზაცია ბახტაძის წინამორბედის, გიორგი კვირიკაშვილის პერიოდშიც მოხდა — მაშინ სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე შემცირდა, თუმცა ბახტაძემ ეს პროცესი უფრო წინ წასწია და მთავრობაში 10 სამინისტრო და ერთი მინისტრის აპარატი დატოვა. უფრო ზუსტად:

  • კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყა განათლების სამინისტროს;
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყა იუსტიციის სამინისტროს;
  • გაუქმდა დევნილთა სამინისტრო და მისი  ფუნქციები გადანაწილდება სამ სამინისტროზე:
    • განსახლების საკითხები გადავიდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაში;
    • მიგრაციის საკითხები – შსს-ში;
    • სოციალური პოლიტიკა გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროს;

ჯერჯერობით არ დაუთვლიათ ბახტაძისეული ცვლილებების შედეგები, თუმცა ანტიკორუფციული ჯგუფი, „ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), კვირიკაშვილისეული ცვლილებების შემდეგ აცხადებდა, რომ სამინისტროების გაერთიანებით ხარჯები არ შემცირებულა.

განათლების დაფინანსების ზრდის პირობა

2019 წლის მარტში ბახტაძემ მთავრობის ახალი, ამბიციური ინიციატივა წარადგინა, სახელად „განათლება — გზა თავისუფლებისკენ“. ამ ინიციატივის მთავარი არსი განათლების ბიუჯეტის ზრდა იყო — ბახტაძის თანახმად, „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ 2022 წლისთვის განათლების სფეროს დაფინანსება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 6%-მდე გაიზრდებოდა, რაც, მისი თქმითვე, ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედია.

ეს საბოლოოდ, ბახტაძის თანახმად, იმის წინაპირობა უნდა იყოს, რომ სტუდენტებს სასწავლებლად საზღვარგარეთ აღარ მოუწიოთ წასვლა, რადგან ქვეყანაში მიღებული განათლებაც „ხარისხიანი“ იქნება. ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია ექნება ამაზე ახალ პრემიერს.

დედაენის დაბრუნება

ბახტაძემ 2019 წლის ივლისში მკაცრად გააკრიტიკა იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ სასწავლო პროგრამიდან ამოღება და ამას „უპასუხისმგებლო ადამიანების შემოქმედება“ უწოდა. იქვე პირობა დადო, რომ „დედაენა“ 2019-2020 წლის სასწავლო პროგრამაში დაბრუნდებოდა, ოღონდ — ადაპტირებული ვერსიით.

საგალობლები სკოლებში

ეს ინიციატივა, მართალია, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია II-ს ეკუთვნის, თუმცა ბახტაძემ განახორციელა: პატრიარქი მარტში შეხვდა ბახტაძეს და სთხოვა, სასწავლო პროგრამაში საგალობლების შესწავლა შეეტანათ, სამიოდე კვირაში კი ბახტაძემ განაცხადა, რომ უკვე 20 ისეთი სკოლა არსებობდა, სადაც საგალობლებს ასწავლიდნენ. იქვე, — მას შემდეგ, რაც ხაზი გაუსვა, რომ „ტრადიციულ, ქართულ, ქრისტიანულ ოჯახში“ გაიზარდა, — თქვა, რომ ყველა სკოლაში, სადაც „საზოგადოება მოითხოვდა“, საგალობლების შესწავლის შესაძლებლობა გაჩნდებოდა.

„წილხვდომილობის“ უქმედ გამოცხადება

2019 წლის აპრილში მთავრობამ პარლამენტს, ბახტაძის დავალებით, დაჩქარებული წესით მიმართა, რათა ახალი დღესასწაული დაემტკიცებინათ — „ღვთისშობლის წილხვდომილობა“. ეს ინიციატივაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის.

„წილხვდომილობის“ დღე, 12 მაისი, მანამდეც უქმე დღე იყო — 12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ასე რომ, ახლა ის ორმაგად უქმე დღეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი