ახალი ამბებიეკონომიკა

საბანკო სესხის გაცემის პირობები მკაცრდება – რას გულისხმობს ახალი რეგულაცია

25 აპრილი, 2018 • 5114
საბანკო სესხის გაცემის პირობები მკაცრდება – რას გულისხმობს ახალი რეგულაცია

ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს რეგულაციებს უწესებს, რომლის თანახმადაც, მომხმარებლების გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხის გაცემა იზღუდება. ახალი რეგულაციით,  ბანკი ვეღარ გასცემს შესაძენი ბინის შეფასებული ღირებულების 50%-ზე მეტს, თუ მსესხებლის გადამხელუნარიანობის ანალიზი არ გააკეთა. ანუ იმ პირებს, რომლებსაც ოფიციალური შემოსავალი არ აქვთ, ისინი შესაძენი ბინისთვის თანხას სრულად ვეღარ მიიღებენ. 

რას გულისხმობს გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზი

ცვლილებებით, რომელიც ძალაში 2018 წლის მაისში შევა, ბანკის მიერ მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვან ანალიზად ჩაითვლება, თუ ის მოახდენს მსესხებელი/თანამსესხებელი პირის შემოსავლების, ხარჯებისა და ჯამური ვალდებულებების დეტალურ ანალიზს.

ცვლილების მიხედვით, მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზისთვის საჭიროა მან ბანკში წარადგინოს საბანკო ანგარიშიდან სახელფასო ამონაწერი, შემოსავლების სამსახურიდან ცნობა და სხვა მსგავსი სანდოობის დოკუმენტაცია. სებ-ში უარყოფენ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვისაც ბანკში ხელფასი არ ერიცხება, ახალი რეგულაციით ბანკში სესხის აღებას ვერ შეძლებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” ანალიტიკოსის, ბესო ნამჩავაძის განცხადებით, ბანკები მსესხებლის შემოსავლებს ისედაც ამოწმებენ, მეტიც, გადამხდელუნარიანობის შემოწმება კომერციული ბანკის ინტერესშია, რადგან შემდეგში სესხი პრობლემური არ გახდეს. მისი თქმით, ეს რეგულაციები, შესაძლოა, მოგვიანებით განზოგადდეს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე გავრცელდეს.

“გადამხდელუნარიანობის შემოწმების პრობლემა ბანკში არ იდგა. თუ ვნახავთ, ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 1.6%-ია. რადგან ცალკე არ წერენ, რამდენია აქედან ფიზიკურ პირებზე გაცემული სამომხმარებლო სესხი. შესაძლოა, ამის სტატისტიკა შედარებით მაღალი იყოს. ბანკი ამოწმებდა კლიენტის შემოსავალს და ამის მიხედვით სთავაზობდა  მომხმარებელს სესხს,” – აცხადებს ბესო ნამჩავაძე.

კითხვაზე, როგორ უნდა შეამოწმოს ეროვნულმა ბანკმა, ამოწმებენ თუ არა მსესხებლის გადამხდელუნარიანობას კომერციული ბანკები, TI-ის ანალიტიკოსი ამბობს, რომ მისთვის რთული წარმოსადგენია, რა სისტემით უნდა გადაამოწმოს სებ-მა, შეამოწმა თუ არა სრულფასოვნად მსესხებლის გადამხდელუნარიანობა კომერციულმა ბანკმა.

“მიკროსაფინასო ორგანიზაციებში ის რისკი, რომ ადამიანს შესაძლოა შემოსავალი არ ჰქონდეს, ასახულია საპროცენტო განაკვეთში. მიკროსაფინანსოები და ლომბარდები ისეთ ხალხს აძლევენ სესხებს, რომლებსაც ბანკი არ აძლევს გარკვეული პრობლემის გამო. ეს ადამიანები სხვა შემთხვევაში ბანკს მიაკითხავდნენ, რადგან ბანკში, მიკროსაფინანსოებთან შედარებით, გაცილებით დაბალი საპროცენტო განაკვეთია. ამ ადამიანებს სხვა გზა არ აქვთ და მზად არიან სესხის ასაღებად მაღალი პროცენტი გადაიხადონ. თუ გადამოწმების წესს მიკროსაფინანსოებზე გავავრცელებთ, მაშინ  მიკროსაფინანსოებსა და ლომბარდებს პრობლემა შეექმნებათ,” – აცხადებს ბესო ნამჩავაძე.

უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემის წესი იცვლება

“კომერციულ ბანკებში კრედიტის კონცენტრაციისა და მსხვლი რისკების შესახებ” ცვლილებებით, ბანკი შესაძენი ბინის შეფასებული ღირებულების 50%-ზე მეტს ვეღარ გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულყოფილი ანალიზი არ ჩაატარა.

TI-ის ნალიტიკოსი განმრტავს, რომ ეს რეგულაცია იმ ადამიანებს შეეხება, რომელთა შემოსავალი არ აღირიცხება. მაგ. ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავალი, ტაქსის მძღოლი და სხვა.

“ეს რეგულაცია შეეხება იმათ, ვისაც გზავნილებიდან, ან შეიძლება, აღურიცხავი შემოსავალი აქვთ და უნდათ სესხის აღება. ასეთ ადამიანებს ბანკი ვეღარ მისცემს  ბინის ღირებულების 50%-ზე მეტს. ამ ადამიანებმა რაღაცნაირად უნდა მოახრხონ და ბანკს აჩვენონ საკუთარი შემოსავლები,” – ამბობს ბესო ნამჩავაძე.

რატომ გადაწყვიტა ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის რეგულაციების დაწესება

ეროვნულ ბანკში რეგულაციების  შემოღებას მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობით ხსნიან. სებ-ში მიაჩნიათ, რომ შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხების გაცემის შეზღუდვა საბანკო სექტორში საკრედიტო სტანდარტებს გააუმჯობესებს და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობებს წაახალისებს. ეროვნული ბანკის განცხადებაში საუბარია ჭარბვალიანობაზეც. როგორც სებ-ის განცხადებაში ვკითხულობთ, ბოლო წლებში შინამეურნეობების დავალიანება მაღალი ტემპით იზრდება.

“საზოგადოება და ბანკების”  თანახმად, საქართველოში საოჯახო მეურნეობების მთლიანი სესხების ფარდობა მშპ-სთან, 2018 წლის მონაცემებით, 30%-ია.  ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 15% იყო. “საზოგადოება და ბანკებში” ზრდას უკავშირებენ გაცვლით კურსს, რადგან  სესხების უმეტესი ნაწილი უცხოურ ვალუტაში იყო გაცემული.

ბესო ნამჩავაძე ამბობს, რომ საქართველოში საკრედიტო პორტფელი ისედაც ჯანსაღია, რადგან ვადაგადაცილებული სესხები 1.6%-ია და ის კლების ტენდენციით ხასიათდება.

“თუ პრობლემა არ არის კრედიტების უკან დაბრუნება, მაშინ არ ვიცი, რომელ სიჯანსაღეზეა საუბარი. ჭარბვალიანობას რაც შეეხება, ეს ტერმინი ორი თვის წინ, მგონი, არავინ იცოდა, ახლა უკვე ყველა საუბრობს. არავინ იცის, რას ნიშნავს ეს ჭარბვალიანობა, რა გაიზომა ამ ჭარბვალიანობის გასაგებად.  სესხების მოცულობა დავთვალეთ?! ადამიანების რაოდენობა დავთვალეთ, ვისაც სესხი აქვს?! რაც აღრიცხული სესხია (ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში), ის უნდა ვნახოთ, ეკონომიკის მიმართ რამდენია და მერე რატომ არის ეს ჭარბი, ამის გასაგებად სხვა ქვეყნებს უნდა შეადარო,” – აცხადებს ბესო ნამჩავაძე.

„კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების” 2018 წლის 17 მარტს გამოცემული ბრძანება ძალაში მიმდინარე წლის 7 მაისს შევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი